აჭარის მთავრობამ გასულ წელს მივლინებებში 71 619 ლარი დახარჯა

აჭარის მთავრობის აპარატის მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ დოკუმენტაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ბათუმის ოფისმა გამოითხოვა.

დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე 118 მივლინებაა დაფიქსირებული. მათ შორის ყველაზე ხშირად, 20-ჯერ, მივლინებაში მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იმყოფებოდა. ყველაზე დიდი სამივლინებო თანხაც 4 153 ლარი სწორედ ხაბაძის საფრანგეთში, პარიზში ევროპის რეგიონთა ასამბლეაზე დასასწრებად არის დახარჯული. ამავე ასამბლეაზე იმყოფებოდა მთავრობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, დეპარტამენტის უფროსი ირაკლი გორაძე, რომლის სამივლინებო ხარჯმაც 3 460 ლარი შეადგინა.

3 129 ლარი დაიხარჯა არჩილ ხაბაძის ისრაელში მივლინებაზე, გერმანიაში კი 3 505 ლარი.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის აპარატის მიერ გაწეული მივლინების ხარჯებს, 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 20 მაისამდე, ყველაზე დიდი ხარჯები ისევ არჩილ ხაბაძის მივლინებაზეა დახარჯული. აღნიშნულ პერიოდში ხაბაძე მივლინებაში შვიდჯერ იმყოფებოდა, მათ შორის საზღვარგარეთ მხოლოდ ერთხელ, ექვსჯერ კი თბილისში.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საინვესტიციო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ხაბაძის მივლინებისთვის - 3 227, ხოლო ირაკლი გორაძის მივლინებისთვის 3 007 ლარი დაიხარჯა.

2014 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე სულ 31 მივლინებაა დაფიქსირებული და საერთო ჯამში, დახარჯულმა თანხამ 11 241 ლარი შეადგინა.