სტუდენტთა ნაწილი შესაძლოა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს

25 წლამდე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები შესაძლოა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა იგეგმება.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომლის ავტორიც „ახალგაზრდა იურისტებია“, საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებს დაევალათ.

ცვლილებების თანახმად, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს და მისი ყოველწლიური შემოსავალი არაუმეტეს 6 ათას ლარს შეადგენს, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.

ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიზანია, ქვეყანაში სტუდენტებისთვის შეღავათიანი ფინანსური გარემოს შექმნა და დაუსაქმებელ სტუდენტთა დამატებითი წახალისება დაუბეგრავი ხელფასის მიღების სახით.

„სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 38 104 იყო. მათგან, სტუდენტის სტატუსი ფინანსური პრობლემის გამო - 22 819 პირს აქვს შეჩერებული. ამ პრობლემის აღმოფხვრას სტუდენტები საკუთარი შრომით ცდილობენ. როგორც წესი გამოცდილებისა და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, შრომითი ანაზღაურება საკმაოდ დაბალია და საშუალოდ, 250 ლარს შეადგენს. შესაბამისად, თუ სტუდენტი არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ამ სტატისტიკის მიხედვით, მისი ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით, 600 ლარით გაიზრდება, რაც სწავლის გადასახადისა და მინიმალური ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას მისცემს,“-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

პროექტის თანახმად, აღნიშნული ცვლილების ამოქმედება 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგეგმება.