პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს

„პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ განუცხადა.

პროექტის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ მიზანი იყო ქალაქში ამორტიზებული, უსახური, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი შენობების მრავალბინია საცხოვრებლებით ჩანაცვლება. „ბათუმი ბარაკების გარეშე“ 2008 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახლდა.

ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია და ბარაკების ნაცვლად, ახალი საცხოვრებლების აშენების პროცესში 10-მდე კომპანია ჩაერთო.

„პროექტი 2014 წლიდან აქტიურად განახლდა. 10-მდე კომპანიამ ისარგებლა. აქედან ორმა პროექტი დაასრულა, ერთი დასრულების სტადიაშია, დანარჩენები კი გრძელდება. მთლიანი დაფინანსება 20 მილიონი დოლარია, რომელიც მთლიანად ადგილობრივმა მთავრობამ გაიღო. თითოეული პროექტი თავდაპირველად 3 მილიონი დოლარის მოცულობის იყო, თუმცა განხორციელების პროცესში თანხები იცვლებოდა. ხელშეკრულების მიხედვით, თუ კომპანიას პრობლემა შეექმნებოდა, ანუ თანხები გაიზრდებოდა, ბანკი ვალდებულებას იღებდა და შემდეგ უკვე თანხის გამოსყიდვას ბანკისგან სახელმწიფო ახდენდა. აუცილებელი პირობა იყო, რომ სამშენებლო მოედანი 500 კვადრატულ მეტრზე მეტი, ხოლო ბარაკებში განთავსებული შენობების 70% ავარიული უნდა ყოფილიყო. ყველა შემთხვევაში ბარაკების თავიდან აშენება მოხდა და არა რეკონსტრუქცია“, - აცხადებს ნუგზარ ძნელაძე.

კითხვაზე, მომავალში გაგრძელდება თუ არა პროექტი, ამის შესახებ ნუგზარ ძნელაძეს ინფორმაცია არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ფინანსების ამოწურვის გამო, „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შეწყდეს.

„გაგრძელდება თუ არა პროექტი, ეს ჯერჯერობით გადაწყვეტის პროცესშია. თავდაპირველი მხარდაჭერის თანხა თითქმის ამოიწურა. პროექტის გასაგრძელებლად დამატებითი თანხების მოზიდვა გახდება საჭირო. მანამდე ანალიზი გაკეთდება - ან თანხები დაემატება და პროექტი გაგრძელდება ან მიზეზ-შედეგობრიობის საფუძველზე შესაძლოა, შეჩერდეს. თანხა სრულად რომ ამოიწურება, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განმარტავს ძნელაძე.

ამასთან, „ბიზნესპრესნიუსი“ ერთ-ერთ კომპანიასაც დაუკავშირდა, რომელმაც პროექტის ფარგლებში ვალდებულებები უკვე შეასრულა. „ბათუმი ბილდინგის“ წარმომადგენლის თქმით, ძველი ბათუმის უბანში ბარაკების განახლება 2015 წელს დაიწყეს: „4-5 ბარაკის დანგრევა და თავიდან აშენება მოხდა. მოსახლეობას ახალი საცხოვრებელი სახლები გასული წლის სექტემბერში ჩავაბარეთ. ეს კონკრეტული პროექტი 1,5 მილიონი დოლარი დაჯდა.“

რაც შეეხება ბარაკების ოდენობას, თუ რამდენი ბარაკის დანგრევა და თავიდან აშენება მოხდა, ან რამდენი ბარაკი იყო ქალაქში ავარიული, რომელიც დანგრევას საჭიროებდა, ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ასევე, უცნობია, დარჩენილი ბარაკების ოდენობაც.

თუმცა 2018 წლის იანვრის მდგომარეობით, ბათუმის მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული მონაცემების მიხედვით, საკურორტო ქალაქში 161 ბარაკული ტიპის სახლია, რომელშიც 1654 ოჯახი და 5704 ადამიანი ცხოვრობს.

თეონა კენჭიაშვილი