არჩილ თალაკვაძე - ის საგადასახადო რეფორმები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, მცირე ბიზნესის გაზაფხულია

ის საგადასახადო რეფორმები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, მცირე ბიზნესის გაზაფხულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„5%-იანი გადასახადის შემცირება 1%-მდე; ბრუნვის ლიმიტის გაზრდა ნახევარ მილიონამდე; დღეს კი, უკვე პროცედურების გამარტივება და მცირე ბიზნესის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაყვანა მხოლოდ ერთ დოკუმენტზე - ამ ცვლილებებით ეკონომიკაში ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობა და ჩართულობა გაიზრდება, მცირე ბიზნესი იქნება უფრო მეტი და უფრო ძლიერი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით, მაჟორიტარებს ვთხოვ მაქსიმალურ ჩართულობას, რომ ქალაქებსა და სოფლებში, დასაქმებით დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა მიიღოს სრული ინფორმაცია ამ სიახლეებზე", - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივების განხორციელებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება სამ ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებს.

„პირველი ინიციატივით, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ნაცვლად ხუთი საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება.

მეორე ინიციატივით, ხელისუფლება ამარტივებს პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმებისგან, როგორც საგადასახადო, ასევე პროცედურული კუთხით.

მესამე ინიციატივა არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას გულისხმობს.