გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს შემოსავლების სამსახურში, აუქციონში მოგებული ევკალიპტის ხის საფასური შეიტანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოს“ წევრმა თამთა შამათავამ განუცხადა, დღეს შემოსავლების სამსახურში 17 220 ლარი შეიტანეს.
„თანხა ბოლო წუთამდე გროვდებოდა. ონლაინ რეჟიმში გვქონდა დაანონსებული ანგარიშის ნომრები, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც აუქციონში გავიმარჯვეთ, თანხა პერიოდულად შეგროვდა. დღეს შევიტანეთ საგარანტიო თანხის გარდა დარჩენილი თანხა - 17 220 ლარი“, - განაცხადა შამათავამ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 27 მარტს 20 020 ლარად გაიყიდა. აღნიშნულ აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.