ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტები არის ნოვატორული ხასიათის და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ასეთ მაღალი დონის საგადასახადო სიმარტივეს შესთავაზებს გადამხდელებს,
- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ბახტაძის თქმით, ინიციატივების უკან დგას ერთი მთავარი მიზანი, რომ საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე და მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ყველა ქართველ ოჯახს შეეხება.
"ჩვენ მიერ მომზადებული ინიციატივების შედეგად, კიდევ უფრო წავახალისებთ საქართველოში მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, გავამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას და ამავე დროს ჩავუყრით ძალიან მნიშვნელოვან საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში. ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტები არის ნოვატორული ხასიათის და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ასეთ მაღალი დონის საგადასახადო სიმარტივეს შესთავაზებს გადამხდელებს. ამასთან, თითოეული ჩვენი ინიციატივის უკან დგას ერთი მთავარი მიზანი, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე და მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ყველა ქართველ ოჯახს“, - განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების ინიციატივა ძალიან მასშტაბური და ნოვატორულია.
„დღეს საგადასახადო ორგანოებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის კომუნიკაციაში მონაწილეობს 5 დოკუმენტი და ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტი გულისხმობს ყველა ამ დოკუმენტის გაუქმებას და ამის სანაცვლოდ ერთი დოკუმენტის წარდგენას, რომელიც იქნება ციფრულ რეჟიმში. ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი შეცვლის შემდეგი ტიპის საგადასახადო დოკუმენტებს - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას; სპეციალურ ანგარიშ-ფაქტურას; ნავთობპროდუქტის ანგარიშ-ფაქტურას; სასაქონლო ზედნადებს და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებს. გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება საქონლის ტრანსპორტირების, საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საქონლის ტრანსპორტირებისას ცალკე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება აღარ ექნება. ამასთან, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი მოიცავს პირველადი საგადასახადო დოკუმენტისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ გაერთიანული საგადასახადო დოკუმენტი ითვალისწინებს საქონლის ან მომსახურების მიღებაზე დასტურს, რაც საშუალებას იძლევა კომპანიების მხრიდან გამოყენებულ იქნას აღნიშნული საბუთი, როგორც მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიც. გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა შეეძლება როგორც დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, ასევე დღგ-ს არგადამხდელ პირსაც. რეფორმის შედეგად მივიღებთ მნიშვნელოვნად გამარტივებულ საგადასახადო ანგარიშგებას, მივიღებთ ბიზნესის მხრიდან შემცირებულ ხარჯებს, რომელიც უკავშირდება საგადასახადო ადმინისტრირებას. მნიშვნელოვნად შემცირდება დრო საგადასახადო ადმინისტრირებისთვის და რაც მთავარია, მცირდება და შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმამდე დავა ალბათობა, რომ დოკუმენტი არასწორად გამოიწეროს და კომპანიები დაჯარიმდნენ საგადასახადო ორგანოების მიერ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება მეორე ინიციატივას, რომელიც მცირე და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ტარდება, ბახტაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია, რომ საქართველომ მიაღწიოს ე.წ. ინკლუზიურ ზრდას, რომელიც თითოეულ ოჯახს და მოქალაქეს შეეხება.
„ეს პრობლემა დგას ძირითადად რეგიონებში, რომ ჩვენი მოქალაქეები ვერ ახერხებენ ბიზნესზე თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას. უმრავლეს შემთხვევაში ეს არის სასოფლო-სამეურნეო საქონელი“, - დასძინა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მეორე ინიციატივის თანახმად, არამეწარმე ფიზიკურ პირისგან საქონლის შესყიდვისას დაბეგვრა განხორციელდება გადახდის წყაროსთან მინიმალური განაკვეთით საქონლის შემძენი პირის მიერ. ამასთან, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირს მიეცემა ზედნადების გამოწერის უფლება და ასეთ შემთხვევაში მიკრობიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენისას საწარმო მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრება.
რაც შეეხება მესამე ინიციატივას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამის მიზანია საქართველო რეგიონის ფინანსურ ჰაბად გადაქცევა.
„აღნიშნული ინიციატივის თანახმად, არარეზიდენტი პირები შეძლებენ თავიანთი კომპანიის საქართველოში რეგისტრაციას და ექნებათ საშუალება ამავე დროს მიიღონ ანგარიშები ბანკში. ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე უწყების კოორდინაციას. ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან და გვაქვს მათი თანხმობები. რამდენიმე თვის განმავლობაში სხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციაში ამ მნიშვნელოვან იდეას საბოლოო სახეს მივცემთ. ჩვენი მიზანია, რომ იმ ბიზნესმენებმა, რომლებიც საქართველოში დარეგისტრირდებიან, გააფართოვონ ბიზნესი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ საქართველოში გახსნას საწარმო, ბუნებრივია, მათ ექნებათ უფლება ისარგებლონ იმ თავისუფალი რეჟიმებით, რომელიც გავაფორმეთ ევროკავშირთან და ჩინეთთან. აღნიშნული რეფორმებით მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გავხადოთ ჩვენი რეგიონის სრულფასოვანი ეკონომიკური ცენტრი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.