შს სამინისტრომ ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 აპრილს დაიწყება და 17 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 19 934 880 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია, 2 094 წერტილის ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებაზე.
პრეტენდენტმა მომსახურების გაწევა ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. კერძოდ: პირველი ეტაპის დასრულებისას, არაუგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 616 წერტილის ჩართვა-უწყვეტი მომსახურება; მეორე ეტაპის დასრულებისას, არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა უნდა უზრუნველყოს ჯამურად არანაკლებ 1276 წერტილის ჩართვა-უწყვეტი მომსახურება (შესულია პირველი ეტაპის 616 წერტილიც); მესამე ეტაპის დასრულებისას, არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა უნდა უზრუნველყოს ჯამურად არანაკლებ 1804 წერტილის ჩართვა-უწყვეტი მომსახურება (შესულია პირველი და მეორე ეტაპის 1276 წერტილიც). მეოთხე ეტაპის დასრულებისას კი, 2019 წლის 1 ივლისისა უნდა უზრუნველყოს ჯამურად არანაკლებ 2094 წერტილის ჩართვა-უწყვეტი მომსახურება (შესულია პირველი, მეორე და მესამე ეტაპის 1804 წერტილიც).
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სასერვერო ოთახის მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (შემსყიდველის საკუთრებაში არსებული სერვერებისთვის), სადაც შესაძლებელი იქნება ტექნიკურ დავალებაში მითითებული რაოდენობის რეკების განთავსება. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამორიგეო პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება პირველი წერტილის ჩართვისთანავე. მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.