ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებული პროდუქცია საქართველოს სავაჭრო ქსელებში შესაძლოა, მწარმოებელი „ქვეყნის“ მითითების გარეშე განთავსდეს

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქცია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (სავაჭრო ქსელებში) შესაძლებელია, სტატუს-ნეიტრალური მარკირების გამოყენებით განთავსდეს.

ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად. კერძოდ, პროდუქციაზე საკმარისია განთავსდეს მწარმოებლის სახელი, წარმოების ქალაქი ან დასახლება (მაგალითად, სოხუმი, გაგრა და ა.შ.) ან/და მისამართი (ქუჩის და ნომრის მინიშნებით). საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციაზე სტატუს-ნეიტრალური მარკირება შიდა ბაზარზე განთავსდება შესაბამისი შტრიხკოდი, რომელიც პროდუქციას მიენიჭება შესაბამისი შემცველობის მიხედვით. პროდუქციის დასახელება და მასზე განთავსებული სხვა სახის ინფორმაცია შესაძლებელია დატანილ იქნას აფხაზურ ენაზეც.

კონცეფციაში ასევე საუბარია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირები შეძლებენ, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შემოიტანონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თანმხლები დოკუმენტების (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შექმნილ დოკუმენტში მითითებული მონაცემი) და, შემოწმების საჭიროების შემთხვევაში, საქონლის დათვალიერების საფუძველზე. პროდუქციას, ასევე, თან უნდა ახლდეს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა და, საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დოკუმენტები (რომლებიც გამოიწერება საქართველოს საგადახადო ორგანოს მიერ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მუშავდება ელექტრონულად).

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოშობილი საქონლის ექსპორტი შესაძლებელია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით, საქართველოს წარმოშობის სერთიფიკატის თანხლებით და პროდუქტის სათანადო მარკირებით (მაგ. მეწარმის რეგისტრაციის ადგილის მითითებით). საქონლის დეკლარირება განხორციელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრირებული სპეციალური ან ჩვეულებრივი გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ. საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, დეკლარირება, შემოწმება, ექსპორტში გაშვებასთან დაკავშირებული პროცედურები შემოსავლების სამსახურის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება.