სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შესამცირებლად ხელისუფლება მოსახლეობას საჭირო ზომების მიღებას წლიდან წლამდე ჰპირდება.
როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად რეგულაციების დაწესებაზე და ამ ფორმით სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობენ, თუმცა, კონკრეტულად ტყიბულის მაღაროში ბოლო პერიოდში წელი არ გავა, რომ მეშახტე არ დაიღუპოს, დღეს მომხდარი შემთხვევაც ამის ერთ-ერთი მაგალითია.
Allnews.ge-მ ბოლო წლებში მინდელის მაღაროში მომხდარი და რეზონანსული შემთხვევები შეკრიბა, რომელთა სტატისტიკა და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებები ასეთია:
2018 წლის 5 აპრილი.
ტყიბულში, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაღუპულია 6, ხოლო დაშავებულია 3 ადამიანი.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის
მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენელი. ტყიბულში გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი.
2017 წლის 27 ოქტომბერი.
ტყიბულში მინდელის შახტის სახელობის მიწისქვეშა სამუშაოების დროს სამთო მასა ჩამოიშალა. შედეგად გარდაიცვალა მე-6 უბნის გამყვანი, 50 წლის დავით ფორჩხიძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სპეციალისტების მიერ უბედური შემთხვევის ტერიტორიის დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები.
შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მოკვლევის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი ბექა ფერაძე და ეკონომიკური სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე ხელმძღვანელობდნენ.
2017 წლის 9 მაისი.
ტყიბულის შახტაში სიმაღლიდან ვარდნის გამო 4 ადამიანი დაიღუპა. მეშახტეები დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ და ადგილზე დაიღუპნენ.
უბედური შემთხვევის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია შექმნილია და შესაძლოა, გასააქტიურებელი იყოს, - „ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი", - განაცხადა მაშინ პრემიერმა.
„გამოძიების ფარგლებში რაც გაკეთდება, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადი, დაისჯება ყველა ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება,“ - მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.
მომხდარის შემდეგ შს სამინისტრომ გამოძიება ამ შემთხვევაშიც სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
„16 მაისიდან ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება ორი სამინისტროს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო,“ - აღნიშნულის შესახებ 2016 წელს ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებდა. იხილეთ სრულად