მარტში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი გაიზარდა

მარტში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი გაიზარდა, რაც, ძირითადად, ხორბლისა და სიმინდის ფასების მყარმა ზრდამ განაპირობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარტის ინდექსმა 172.8 პუნქტი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელს 1.1%-ით, ხოლო გასულის წლის შესაბამის პერიოდის ინდექსს 0.7%-ით აღემატება.

”ხორბლის, სიმინდის და რძის პროდუქტების ფასების ზრდა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე შაქრისა და მცენარეული ზეთის ფასების შემცირება.

საშუალო შეწონილი ინდექსი საერთაშორისო ბაზარზე ხუთი ძირითადი პროდუქტის - მარცვლეულის, შაქრის, ზეთის, რძის და ხორცის ფასების დინამიკას ასახავს. FAO-ს შეფასებით, 2017 წელს მარცვლეულის მსოფლიო წარმოების მოცულობა სარეკორდო იყო და 2 646 მლნ ტონა შეადგინა (33 მლნ ტონით მეტი 2016 წელთან შედარებით). თუმცა, წინასწარი შეფასებებით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია ხორბლისა და სიმინდის წარმოების შემცირება.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აცხადებს, მარცვლეულის ფასების ინდექსი ზრდას განაგრძობს. მარტის მაჩვენებელი თებერვალთან შედარებით 2,7%-ით მაღალია, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდს 12,1 %-ით აღემატება. ხორბლის ფასების ზრდას ძირითადად არახელსაყრელი ამინდის მოლოდინი განაპირობებს, მათ შორის გვალვა შეერთებულ შტატებში და ცივი, ნალექიანი პირობები ევროპაში. სიმინდის ფასები კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა, რასაც ბაზარზე მაღალი მოთხოვნა და არგენტინაში მოსავლიანობის შემცირების პერსპექტივა განაპირობებს.

რაც შეეხება რძის პროდუქტების ფასების ინდექსს, როგორც FAO აცხადებს, მარტში 3,3%-ით გაიზარდა. კარაქის, ყველის და რძის ფხვნილის ფასების ზრდას ამ პროდუქტებზე სტაბილურად მაღალი გლობალური მოთხოვნა განაპირობებს.

მათივე ცნობით, შაქრის ფასების ინდექსი მარტში 3,4%-ით შემცირდა და 27,5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამ შემთხვევაში ძირითადი ფაქტორია გლობალურ ბაზარზე საექსპორტო შეთავაზებების მაღალი მაჩვენებელი.

FAO-ს ინფორმაციით, მცენარეული ზეთების ფასების ინდექსი ზომიერად შემცირდა, რაც სოიოს, რაპსის და მზესმუზირის ზეთზე ფასების კლებამ განაპირობა. ამავე დროს, პალმის ზეთის ფასები გაიზარდა, რაც ევროკავშირის მიერ ინდონეზიიდან ბიოდიზელის იმპორტის განახლების მოლოდინმა განაპირობა.

ხორცის ფასების ინდექსი მარტში პრაქტიკულად არ შეცვლილა. საქონლის ხორცის ფასები შემცირდა, მაგრამ ცხვრის და ღორის ხორცის ფასები გაიზარდა. ზრდა იმპორტზე მაღალმა მოთხოვნამ (განსაკუთრებით ჩინეთში) განაპირობა.

რაც შეეხება მარცვლეული წარმოების შეზღუდული პერსპექტივებს, როგორც FAO-ში აცხადებენ, მარცვლეულის გლობალური წარმოება 2018 წლისათვის შედარებით შეზღუდული იქნება.

მოსალოდნელია ხორბლის წლიური გამოშვების შემცირება 750 მლნ ტონამდე, რაც წინა წლის სარეკორდო მაჩვენებელზე დაახლოებით 1%-ით ნაკლებია. პროგნოზების მიხედვით, აშშ ხორბლის სექტორი 2017 წლის შემცირების შემდეგ ზრდის მოლოდინშია, მაგრამ ჩინეთის ინდოეთის და რუსეთის წარმოება სავარაუდოდ შემცირდება. საფურაჟე მარცვლეულის წარმოების მოცულობის შემცირება ასევე მოსალოდნელია, რასაც არგენტინაში არახელსაყრელი ამინდი, ბრაზილიაში სიმინდის კულტივაციის სანაცვლოდ სოიოზე ფოკუსირება და სამხრეთ აფრიკაში ნათესი ფართობების შემცირება (არახელსაყრელი ფასების გამო) განაპირობებს“, - ნათქვამია FAO-ს განცხადებაში.

FAO-ს უკანასკნელი პროგნოზის მიხედვით, მარცვლეულის გლობალური მარაგები 2018 წლის სეზონის დასასრულისათვის დაახლოებით 748 მლნ ტონას შეადგენს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია და 4%-ით მეტია გასული სეზონთან შედარებით. მათივე ცნობით, მარაგების ზრდაში წამყვანი როლი ხორბალს უჭირავს. მარცვლეულის გლობალური წარმოების მოსალოდნელ შემცირებას მარაგების დიდი მოცულობა ნაწილობრივ დააკომპენსირებს.