დავით სერგეენკო: სააფთიაქო ბაზარზე მნიშვნელოვანი გაძვირება არ არის

ქართულ სააფთიაქო ბაზარზე მედიკამენტებზე მნიშვნელოვანი გაძვირება არ აღინიშნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

სერგეენკომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა.

მინისტრის თქმით, ფასების მონიტორინგს აქვს თავისი მკაცრი წესები და მთლიანი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც ათასობით არის, სხვადასხვა ლოტებად იყოფა და მონიტორინგი ასე ხორციელდება.

"ეს ლოტები არის ე.წ. "ბესტსელერები", ყველაზე ხშირად გაყიდვადი წამლები, ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი რისკის დაავადების სამკურნალო პრეპარატები – ჩვენთვის ეს არის ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა სისტემის და ეს არის ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტების ლოტი. შეჯამება ფასების დინამიკაზე ხდება ხოლმე ასე კომპლექსურად და არა, ციტრამონი ღირდა 40 თეთრი და გახდა 45 თეთრი", - აღნიშნა სერგეენკომ და დასძინა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესში არ მონაწილეობს.

ამასთან, მინისტრმა საზოგადოებას ინტერფერონის გაიაფებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი წარმატებული პროექტი შეახსენა, როდესაც სახელმწიფო აქტიურობის შედეგად, 60%-იანი ფასის კლება გახდა შესაძლებელი.

გუშინ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა. როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, 2012 წლის ფასებთან შედარებით ფასები გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს.