საქართველო ევროკავშირისგან კიდევ 19 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს

საქართველო ევროკავშირისგან დამატებით, კიდევ 19 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა ხოსე მანუელ ბაროსომ ხელი დღეს მოაწერეს.

ევროკავშირის ინიციატივის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" (EaP) პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული იყო დახმარების ინსტრუმენტი ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა (CIB), რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (მათ შორის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებასთან" - DCFTA) დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას. ინსტრუმენტი ასევე ითვალისწინებს იმ ინსტიტუტების საქმიანობათა გაუმჯობესებას, რომლებიც დაკავშირებულია გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შეთანხმებასთან და მიგრაციის საკითხებთან.

"CIB-ს ფარგლებში 2011-2013 წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 30.86 მილიონ ევროს შეადგენდა. დახმარების შემდეგი ეტაპი (2014-2020წწ), კონკრეტულად DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) განხორციელებასთან არის დაკავშირებული", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.