შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი დანიარ მუხამედ რახინი თანამდებობიდან გადადგა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მოშიმშილეებმა ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს.
ერთ-ერთმა მოშიმშილემ, თენგიზ სურმანიძემ საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებს დოკუმენტი წარუდგინა, სადაც მითითებულია დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება.
“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს და მინდა გითხრათ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორის პოსტზე დანიარ მუხამედ რახინი აღარ იქნება. შეხვედრაში ჩართული იყო ქართული მხარე და ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას”, - აღნიშნა თენგიზ სურმანიძემ.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომლები 4 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ და ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვდნენ.