განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას ხანდაზმულობის ვადა აღარ ექნება

განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადა აღარ ექნება.

ამის შესახებ, სამოქალაქო კოდექსსა და სამოქალაქო აქტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

უწყების ცნობით, კანონპროექტის მიზანი განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, რაც სამოქალაქო რეესტრში ინფორმაციის სრულყოფილად აღრიცხვას უზრუნველყოფს. ამასთან, ცვლილების შედეგად, მოქალაქეებს, რომლებმაც განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ ხანგრძლივი დროის, ხანდახან კი 10-15 წლის შემდეგ შეიტანეს, დაბრკოლებები აღარ შეხვდებათ.

ცვლილებების თანახმად, განქორწინებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნაზე განქორწინების რეგისტრაციაზე ხანდაზმულობის ვადა აღარ გავრცელდება.

ცნობისთვის, 2011 წლის ბოლომდე განქორწინების რეგისტრაცია სასამართლო წესით განქორწინებიდან − 3 წლის, 2012 წლიდან კი − 10 წლის განმავლობაში იყო შესაძლებელი.

„პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები განქორწინების რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ იმ მიზეზის გამო, რომ განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებიდან დიდი დრო იყო გასული. შესაბამისად, ისინი აბსურდულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ - უწევდათ ყოფილი მეუღლის დარწმუნება იმაში, რომ საჭირო იყო ხელახალი პროცედურები განქორწინებისთვის. იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზებული ცვლილებები განქორწინების რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის და მოქალაქეებს სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვისაგან ათავისუფლებს,“-აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.