გიორგი სიგუა: მიმდინარე წელს საქართველოში ერთ მილიონ უცხოელ ტურისტს ველოდებით

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა მიმდინარე წელს საქართველოში დაახლოებით ერთ მილიონ უცხოელ ტურისტს ელოდება.

"შარშან ჩვენ ვიყავით პირველ ადგილზე ევროპაში ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. წელს ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის შემოსვლას საქართველოში. შარშან კი 5 მილიონ 400 ათასი იყო, ხოლო შარშანწინ 4 მილიონ 400 ათასი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიზნესთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ გვექნება გზატკეცილებზე მოსასვენებელი არეები, სადაც იქნება როგორც საპირფარეშო, ისე უფასო და ხელმისაწვდომი ვაიფაი, სუვენირების მაღაზიები, სწრაფი კვების ობიექტები", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი ასეთი მცირე ობიექტი ამ კვირებში პატარძეულში გაიხსნება, ხოლო შედარებით დიდი ობიექტი დუშეთის გზატკეცილზე მოეწყობა.