შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ქვეყანაში ადამიანები გამუდმებით იღუპებიან, დამსაქმებლის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი კი არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა.
მარტო ბოლო ორთვენახევარში 19 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას: 8 მშენებლობებზე, 1 - მეტალურგიაში და დანარჩენი – შახტებში მუშაობის დროს. 2006 წლიდან დღემდე კი სამუშაო ადგილებზე 1200-მდე ადამიანია გარდაცვლილი.
მინდელის შახტში სულ ახლახან მომხდარი ტრაგედიის მიზეზად "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი სამთო დარტყმას მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი პრევენცია შეუძლებელია, თუმცა მისი აცილება შესაძლებელი იყო თუ არა, პასუხს გამოძიება გასცემს. ხალხი ელოდება, რომ პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.
ასეთი მოლოდინი იყო 2017 წლის 9 მაისს, როცა ტყიბულის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა. მეშახტეები დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ და ადგილზე გარდაიცვალნენ.
უბედური შემთხვევის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია შექმნილია და შესაძლოა, გასააქტიურებელი იყოს. "ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი", - თქვა მაშინ პრემიერმა.
"გამოძიების ფარგლებში რაც გაკეთდება, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადია, დაისჯება ყველა ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება", - აცხადებს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია.
ერთი შეხედვით პრინციპული განცხადებების მიუხედავად, ტრაგედიასთან დაკავშირებით არავინ დასჯილა. გაერთიანებულ პროფკავშირებში ადასტურებენ, რომ დამსაქმებლების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არცერთ შემთხვევაში არ დასმულა. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში საქმე (ისიც ძალიან მცირე ნაწილი) მიდის სასამართლომდე და ეს პროცესი მთავრდება მხოლოდ დაღუპულის ოჯახის მიმართ კომპენსაციის დაწესების ვალდებულებებით.
ამ დროს პრობლემაა აბსოლუტურად ყველგან, მაღაროებში თუ სხვადასხვა ტიპის მშენებლობებზე, სადაც ადამიანები ხშირად დამსაქმებელთა დაუდევრობით იღუპებიან.
პროფკავშირების ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას 1200-მდე ადამიანია გარდაცვლილი, ბოლო ორთვენახევარში კი 19 ადამიანი დაიღუპა. აქედან 8 მშენებლობებზე, 1 – მეტალურგიაში, დანარჩენი კი შახტებში მუშაობის დროს.
"შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი პარლამეტში მიღებულია და აგვისტოში ამოქმედდება. მანამდე რეალურად არაფერი შეიცვლება. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებელი პირი მკაცრად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ასეთი ჯერ არც ერთი ფაქტი არ ყოფილა. შრომის ინსპექციამ უნდა მოახდინოს პრევენცია, რათა მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს.
მშრომელი ხალხი გვეღუპება და ამ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. რისკი არის დიდი და თუ გვინდა, არ მოხდეს მსგავსი ფაქტი, რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, მაგრამ ეს არ არის პრევენცია, რადგან შედეგი მხოლოდ შრომის ინსპექციის გამართულ მუშაობას შეიძლება მოჰყვეს.
როგორც წესი, მსგავსი ტიპის შემთხვევების მხოლოდ ნაწილი მიდის სასამართლომდე და ეს პროცესიც წლობით იწელება. უკეთეს შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა ხდება გარდაცვლილი მუშების ოჯახებზე და ამის იქით არაფერი იცვლება.
ამჯერად მაინც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი და დამნაშავე დაისაჯოს. მანამდე 4 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ არც მაშინ დამდგარა ხელმძღვანელი პირების გასუხისმგებლობა. ახლა მაინც უნდა მოხდეს გარკვეული ზომების მიღება, რათა დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოება მაღალ დონეზე იქნეს დაცული. ამას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგაძემ.
იურისტები იმედოვნებენ, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლა მოხდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რაც ტრაგედიის მიმართ არსებობს. სამართლის სფეროს სპეციალისტ აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, უნდა დადგინდეს, რამდენად იყო სამთო დარტყმის პრევენცია შესაძლებელი.
"ქართველ მეშახტეებს გაუგონარ პირობებში უწევთ მუშაობა (მათ შორის მიწის ქვეშ). სამართლებრივად ყველაფერი უნდა გაირკვეს, ჩატარდეს გამოძიება და არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტი. ეს აუცილებელია. სავარაუდოდ, არის გარკვეული საფრთხე, რაც ბუნებრივად ხდება, მაგრამ რამდენად იყო ამის არიდება შესაძლებელი, ეს უნდა გაირკვეს პირველ რიგში. ტრაგედია მთელი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოძიებული.
ცხადია, ასეთი საფრთხის მქონე ობიექტებთან მიმართებით, როგორიც მაღაროებია, საკანონმდებლო რეგულაცია უნდა გამკაცრდეს. არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების მიმართ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ რეგლამენტირებული ზედამხედველობა განხორციელდეს", - აცხადებს ჩარგეიშვილი. მისი თქმით, სისტემურად უნდა მოწმდებოდეს ტერიტორია ტექნიკური და შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
"ნებისმიერი მიჩქმალული საკითხი იწვევს უდიდეს ტრაგედიას, რისი მოწმეც სულ ახლახან გავხდით. სრულყოფილი გამოძიებისთვის ნებისმიერი დეტალია შესასწავლი. თუკი პრევენცია შესაძლებელი იყო და არ მოხდა, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. სისტემა უნდა მუშაობდეს გამართულად, რომ ადამიანური დანაკარგი გამოირიცხოს და უფრო მეტად იყოს უსაფრთხოება დაცული", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჩარგეიშვილმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"