ასეთი მძიმე ვითარება ავტობიზნესში აქამდე არ ყოფილა!

კომპანიები და კერძო დილერებიც რეალიზაციის მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ.საქართველოში ავტობიზნესს სერიოზული პრობლემები აქვს. იმპორტიორების მესამედს საქმიანობის გაგრძელება უჭირს. ვითარების გართულება პირდაპირ უკავშირდება აზერბაიჯანსა და სომხეთში დაწესებულ რეგულაციებს. ახალ სტანდარტზე გადასვლა იმპორტიორების ნაწილმა ვერ შეძლო.

ახალ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა ტექდათვალიერების შემოღებასაც უნდა გამოეწვია, მაგრამ ამის ნიშნები, როგორც იმპორტიორები ამბობენ, ჯერ არ ჩანს. მათი განცხადებით, ”ევრო-4”-თან დაკაშვირებულმა რეგულაციებმა ეს თემა მთლიანად გადაფარა და ასე გაგრძელდება, სანამ ქართველი მძღოლები ფაქტის წინ არ აღმოჩნდებიან.

იმპორტიორები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში შემოღებულმა რეგულაციამ ქართულ ავტობიზნესს მძიმე დარტყმა მიაყენა. ”რობანო მოტორსის” დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ავტომანქანების ჩამოყვანაზე გაცილებით რთული რეალიზაციაა, რასაც იმპორტიორების ნაწილი თავს უკვე ვეღარ ართმევს.

დილერებს გონზე მოსასვლელად დრო დასჭირდებათ, რადგან დიდია ალბათობა, მათი ნაწილი ამ საქმიანობას საერთოდაც ჩამოშორდეს.

”დღესდღეობით დედაქალაქი ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომანქანებითაა გადაჭედილი, რაც ავტობიზნესის რთულ სიტუაციაზე მიგვანიშნებს. თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ პრობლემა სერიოზულია და მასთან გასამკლავებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ”ევრო-3”-ის სტანდარტმა, რომელიც აზერბაიჯანმა შემოიღო, ლამის მწყობრიდან გამოგვიყვანა. ასეთი მძიმე ვითარება საქართველოს ავტობიზნესში აქამდე არ ყოფილა.

უმუშევრობის პრობლემამ ქვეყანაში გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შედარებით ადვილ საქმეს მოეკიდა და მცოდნე და უცოდინარიც ავტობიზნესში ჩაერთო. როგორც კი პრობლემა გაჩნდა, იმპორტიორებს თაგვზა აებნათ. უმეტესობას დრო სჭირდება, რომ გონს მოეგოს. მათგან, დაახლოებით, 40 პროცენტი ის კატეგორიაა, რომლებიც ახალ მოთხოვნას ფინანსურადაც ვერ შეწვდებიან. კარგად შენახული ავტომანქანა ადგილზეც ძვირი ღირს და მათი რეალიზაცია აქ ძალიან გაჭირდება”, - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე და დასძენს, რომ მოგების ნაცვლად, იმპორტიორები დაზარალდნენ.

მისი თქმით, ევრო 4-ის სტანდარტთან დაკავშირებულმა პრობლემამ ტექდათვალიერების თემა საქართველოში გადაფარა.”იმ დრომდე, სანამ ტექდათვალიერების პროცესი არ დაიწყება, ხალხი თადარიგის დაჭერას არ ჩქარობს. შეიძლება ეს ქართველი კაცის ბუნებითაც იყოს გამოწვეული. სანამ ფაქტის წინ არ დადგებიან, მშვიდად არიან. ვფიქრობ, ამ მხრივ შემდეგშიც სერიოზული პრობლემა გაჩნდება, რადგან მოქმედი ავტომანქანების თითქმის ნახევარს ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება”, - დასძენს ჯამაგიძე.

იმპორტიორების ინფორმაციით, ახალი ავტომანქანების გაძვირება, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გამართლდა, რადგან მათი რეალიზაცია უკიდურესად ჭირს.

”მთლიანად გადავერთეთ შედარებით ახალი მანქანების ჩამოყვანაზე. ეს ხარჯიანი საქმეა და მუშაობა გვიჭირს. ისეთი ვითარებაა, თითქოს ძველი კალაპოტიდან ამოვვარდით. უმართავი გახდა ფასიც. ჩვენი პროგნოზით, ახალი ავტომობილი გაძვირდებოდა, ხოლო ძველის ფასი მკვეთრად დაეცემოდა, რაც არ გამართლდა.

კარგი და უცვეთი მანქანების ჩამოყვანა ძნელია. ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ასეთი ავტომობილის ღირებულება იმდენად დიდია, რომ რეალიზაციას ვერ ვახერხებთ. ძველის შემოყვანას კი უკვე აზრი აღარ აქვს – აზერბაიჯანში ის ვერ გაიყიდება და მისადმი ინტერესი აქაც დაცემულია.

გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ ავტომობილების ქართულ ბაზარზე კრიზისია. ერთად თავმოყრილი ამდენი გასაყიდი ავტომანქანა არ გვახსოვს. ვერ ვაიაფებთ, რადგან თვითღირებულებაზე დაბლა ხომ ვერ ჩამოვალთ, ხოლო გაძვირებაზე საუბარი წარმოუდგენელიცაა, არაპროგნოზირებად სიტუაციაში ვართ”, - ამბობს ირაკლი გვალია, ავტოიმპორტიორი.

აზერბაიჯანის ფაქტორს არ უკავშირებენ, თუმცა საქართველოში ავტომობილების რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობენ ”ჰიუნდაი ავტოში”. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდმა ავტობიზნესზეც ადეკვატური გავლენა მოახდინა და გაყიდვა ჭირს.

”თქმა, რომ სტაბილური ვითარებაა, სიმართლე არ იქნება და ვითარებას ასე ვერ შევაფასებთ. როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს მეორადი ავტომობილების ფაქტორი და ამ ფონზე ახალი მანქანის გაყიდვა, ცოტა არ იყოს, ჭირს. არჩევნების გავლენაც იგრძნობა. ეს პერიოდი ჩვენს ბიზნესზე გავლენას ყოველთვის ახდენდა და წელსაც ასეა. შეიძლება ითქვას, სტაბილურობის განცდა ნაკლებია, პრობლემა რეალურად არის”, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტომანქანების რეალიზაციის მკვეთრ კლებაზე საუბრობენ ”მათე მოტორსშიც”. წინა წლებთან შედარებით, კომპანიაში ავტომობილების რეალიზაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მიზეზებს კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუმცა ადასტურებენ ფაქტს, რომ ავტომობილების ბიზნესს საქართველოში სერიოზული პრობლემები აქვს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”