მუცოში საოჯახო სასტუმროები და ჰოსტელები გაიხსნება - როდის დასრულდება ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია

კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ციხე-ქალაქ მუცოში, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია დასრულდება, საოჯახო სასტუმროებისა და ჰოსტელების გახსნა იგეგმება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მუცოში მხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, თუმცა სამომავლოდ ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, საოჯახო სასტუმროების მოწყობა იგეგმება.

„ადგილზე არის მხოლოდ პირველადი საჭიროებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მუშახელისთვის, რომლებიც რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ. ხუთი კოტეჯია, ამბულატორია და მთავარი ოფისი. კონკრეტულად ტურისტებისთვის მსგავსი ობიექტები არ გვაქვს. როცა ყველაფერი დასრულდება, აუცილებლად ვიზრუნებთ, რომ ადგილზე საოჯახო სასტუმროები და ჰოსტელები გაიხსნას. ასევე, მუცოში არის კაფე, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებმა გახსნა. ბევრი ტურისტი მიდის. თუშეთიდანაც გადმოდიან საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებით. ადამიანებს აქ შესვენების საშუალება გაუჩნდათ“, - აღნიშნავს ანთიძე.

მისივე თქმით, ადგილზე კომუნიკაციაც მოწესრიგდა: „ სატელფონო ანძები კომპანია „გლობალს“ დავაყენებინეთ. სამწუხაროდ, სხვა კომპანიებმა სურვილი არ გამოთქვეს. არის ჰიდროელექტროსადგურიც და ელექტრომომარაგებაც მოწესრიგებულია.“

ანთიძის ინფორმაციით, მუცოს რეაბილიტაცია ბოლომდე დასრულებული არ არის და სამი ნაგებობა, მათ შორის ერთი კოშკია დარჩენილი.

„წელს სრულად იქნება ყველა პროცედურა დამთავრებული, ვვარაუდობთ, რომ ზაფხულამდე მოესწრება. სოფლებში სამი ნაგებობა დარჩა, მათ შორის ერთი კოშკი, სადაც სარემონტო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ამ სამი ნაგებობის გამაგრება გასულ წელს დავიწყეთ. დასრულებამ დროში გადაიწია იმიტომ, რომ მშრალი წყობით აშენებულია და მათი ერთიანად რეაბილიტაცია რეკომენდირებული არ არის. შემდეგ უკვე დარჩება მხოლოდ ქვედა ნაწილის ინფრასტრუქტურული მოწყობა: ვიზიტორთა ცენტრი, მუზემ-ნაკრძალის ადმინისტრაციული შენობის მოწყობა და სხვა. ეს ყველაფერი უკვე მომავალ წელს დასრულდება. ყველაფერი სპეციალური გათვლებით კეთდება, რომ კულტურულ ძეგლებს საფრთხე არ შეექმნას“, - განმარტავს ანთიძე.

კითხვაზე, როგორ აპირებენ ადგილზე ტურისტების უსაფრთხოების დაცვას, რადგანაც მუცო რთულ რელიეფზე შეფენილი ციხე-ქალაქია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გვპასუხობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.

„ტურისტების უსაფრთხოება ძეგლის ტერიტორიაზე აუცილებლად დაცული იქნება. ეს მიმართულება უფრო გამკაცრდება. ბილიკების მოწყობაც იგეგმება, იქნება სპეციალური მოაჯირები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც სამი ადგილობრივია დასაქმებული, ტერიტორიის დათვალიერებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები სწორედ ისინი იქნებიან. ასევე, იქნება გამაფრთხილებელი ბანერები, რომ ყველგან გადასვლა არ შეიძლება. ვეცდებით, რომ სპონტანური ტურისტული ნაკადის შემოდინების დროს, გაფრთხილებები იყოს“, - აცხადებს ანთიძეს.

რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, მუცოს რეაბილიტაციაზე 3.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 1.7 მილიონი სახელმწიფო დაფინანსებაა, დანარჩენი კი ფონდმა „ქართუმ“ გაიღო.

„მუცოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სამედიცინო პუნქტი და გარკვეული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, მუზეუმ-ნაკრძალი. მნიშვნელოვანია ის რომ, თუ ადრე მუცოში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა, ახლა სამი ოჯახი ცხოვრობს და მუზეუმ-ნაკრძალში სწორედ ისინი არიან დასაქმებულები.

პირიქითა ხევსურეთის შუა საუკუნეების ურბანული კომპლექსი მუცო, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, მთის ფერდზეა გაშენებული. მუცოს ხუროთმოძღვრებაში სამი ძირითადი ნაგებობა გამოიყოფა: ციხე-სახლები; კოშკები, რომლებიც სათავდაცვო სისტემის განუყოფელი ნაწილია და აკლდამები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ პირიქითა ხევსურეთშია გავრცელებული და მუცოში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი.

კლდეზე ნაგები კომპლექსი წლების განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ინგრეოდა. მისი რეაბილიტაციის გეგმა 2004 წლიდან არსებობდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდებოდა. მუცოს რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. რეაბილიტაცია ტრადიციული მეთოდით - ფიქალების მშრალი წყობით ხდება.

თეონა კენჭიაშვილი