ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში კონცერტების ორგანიზებას Black Sea Arena-ს მენეჯმენტ ჯგუფი გაუწევს.
ამის შესახებ ანაკლია-განმუხურის ტურისტული სეზონის დაგეგმვასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც გუბერნატორთან და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად Black Sea Arena-ს დირექტორი ანი კალელიშვილი ესწრებოდა.
"წლევანდელი სეზონი უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული, არამხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ ეს უნდა იყოს ყველასთვის საინტერესო დასასვენებელი ადგილი. ანაკლიაში წელს ელექტრონული მუსიკის „ვიქენდებთან“ ერთად, სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. ჩვენ USAID-თან ერთად უკვე გადავამზადეთ ყველა საოჯახო ტიპის სასტუმრო და ისინი მზად არიან ახალი სეზონისთვის“ - განაცხადა სამეგრეო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.
"Check in Georgia-სთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია სამეგრელო. ანაკლია- განმუხურის ტერიტორია უდიდეს პოტენციალს ატარებს, რათა ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი გახადოს საქართველო. სწორედ ამიტომ Black Sea Arena-ს მენეჯმენტი პროფესიონალების გუნდთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ანაკლიაში 2018 წლის ზაფხული საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2019 წლიდან გამოცხადდება სახელმწიფოს მრავალწლიანი მხარდაჭერის პროგრამა, რაც ანაკლიისთვის ახალ ფესტივალს შექმნის,"- განაცდახა ანი კავლელიშვილმა.
ცნობისთვის, ანაკლიაში წელს USAID-ის პროექტ ZRDA-სთან ერთად, ასევე ბიზნესფესტივალი "ანაკლიობაც“ ჩატარდება, რომელიც რეგიონში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.