"სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს"

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს.

„მე უკვე რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა ჩემი ტკივილი ჩვენი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებთან ერთად ჩვენ დღეს ვგლოვობთ, ალბათ, ყველა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე პარლამენტში ჩემი გამოსვლების დროს არაერთი მოწოდება გამიკეთებია, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ მეც ყველაფერი გავაკეთე. ამასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პროფკავშირებთან, სხვა ინტერესჯგუფებთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ასეთი კონსულტაციები მანამდეც იყო, პოზიცია და მოთხოვნები დაფიქსირებულია. ალბათ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მეც და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად იმ სტრუქტურებს, რომლებსაც ზედამხედველობა ამ პროცესებზე ევალებათ, ეს არ არის მარტო შახტთან მიმართებაში, ეს არის ფაქტიურად ათობით ადამიანი, რომელიც სამუშაო ადგილას იღუპება, ჩვენ ყველას ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.

შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.