საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაიში, რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან შეხვედრა გამართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რას-ალ-ხაიმა, სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო „რაკიას“ მეშვეობით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. მას ქვეყანაში 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან. საერთო ჯამში, რას-ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტოს მიმდინარე პროექტების მოცულობა 220 მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის „თბილისი მოლი“, რომელიც ყველა თბილისელისა და ტურისტისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილია. ასევე სასტუმრო „შერატონი“, რომლის რენოვაციაც მიმდინარეობს და სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. „შერატონის“ რენოვაცია საერთო ჯამში, 51 მილიონი დოლარი დაჯდება, ამავე დროს მხოლოდ გასართობი ცენტრის მიმართულებით დამატებით კიდევ 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა რას-ალ-ხაიმას ამირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება წარმოადგენს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე, მათ შორის, მოგების გადასახადის რეფორმაზე, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე მხარეები საქართველოში კერამიკული წარმოების ამოქმედებისა და კერამიკული ინდუსტრიის განვითარებაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო მდიდარია სათანადო ნედლეულით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, უცხოეთის ბაზრებზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.
„საქართველოში ჩამოვა სპეციალური ჯგუგფი, რომელიც შეისწავლის იმ შესაძლებლობებს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ეს არის ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის - კერამიკის წარმოების განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველო მდიდარია იმ თიხებით, რომელიც ამ ინდუსტრიაში გამოიყენება, ხოლო ლოჯისტიკურად მიმზიდველი ქვეყანა ვართ. ამავე დროს თუ გავითვალისწინებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთნხმებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, დარწმუნებული ვარ, საქართველოში აღნიშნული ბიზნესის კეთება ძალიან მიმზიდველი იქნება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.