ამერიკის მიერ სასანქციო სიაში დამატებული ალუმინის მომპოვებელი რუსული კომპანია «Русал»-ი შესაძლოა, ტექნიკურ დეფოლტამდე მივიდეს.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჰონგ-კონგის ბირჟაზე გაკეთდა. მათი ინფორმაციით, სანქციების დაწესება კომპანიის საქმიანობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ალუმინის მწარმოებელი კომპანია გეგმავს არსებული ვალდებულებების შესრულებას.
«Русал»-მა აღნიშნული განცხადება ჰონგ-კონგის ბირჟაზე მისი აქციების მნიშვნელოვანი ვარდნის ფონზე გააკეთა, სადაც კომპანიის აქციებზე ფასმა 40%-ით იკლო. Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა კი მსოფლიოში ალუმინის ფასის ზრდა გამოიწვია და ლონდონის ბირჟაზე ერთი ტონა ალუმინის ფასი 2,5%-ით, 2092 დოლარამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, 6 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ცალკეულ პირებსა და მათ კომპანიებზე სანქციები დააწესა. კომპანია Русал-ის ხელმძღვანელი კი გახლავთ რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა. Forbes-ის მიხედვით, დერიპასკას ქონება 957 მილიონი დოლარით შემცირდა და ამჟამად შეადგენს 5,3 მილიარდ დოლარს. მის გარდა განახლებულ სასანქციო სიაში ასევე მოხვდნენ იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი, სულეიმან კარიმოვი, ვლადისლავ რეზნიკი, ანდრეი სკოჩი და კირილ შამალოვი.
კოკა კვირკველია