დღეიდან ავტობუსის კონტროლიორებს თბილისში პარკირების კონტროლი დაევალებათ

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, კომპანია “სითი პარკის“ თანამშრომლები მიიღოს, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ისინი როგორც მატერიალური ბაზის, ისე ფიზიკური ძალის მიმართულებით სრულად არიან მზად, მოვალეობა შეასრულონ.

“ჩვენ გვყავს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში ახორციელებენ ბილეთების შეძენის კონტროლს და სწორედ ისინი განახორციელებენ აღნიშნულ მოვალეობას პირველ ეტაპზე. რესურსი გადანაწილდება თანაბრად და შესაბამისად, არც ერთი საქმე არ დაზარალდება. ჩვენი კომპანია აღნიშნულ მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ვვარაუდობთ, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე თქმით, შესაბამისი ტექნიკა აქვთ. რაც შეეხება ევაკუატორებს, დროებით იქირავებენ, ხოლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათ შეიძენს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ხორციელდება პარკირების ზონების მოწესრიგება, რომ მძღოლებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ. “მიმდინარეობს მოწესრიგება პარკირების ზონების, ასევე ნიშნების მოწესრიგება, იმ ადგილებში, სადაც პრობლემური იყო. რაც შეეხება წესებს და მძღოლების დაჯარიმებას, ჯერჯერობით ზუსტად ისე მოხდება, როგორც აქამდე იყო, თუმცა მერე ვნახოთ რა იქნება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან „სითი პარკის“ ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.