Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის მომხმარებელს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მათი პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვა ვერ უზრუნველყო.
„ჩვენი დიდი შემცდომა ის იყო, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის დონე სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ეს ჩემი შეცდომა იყო და ბოდიშს ვიხდი. Facebook-ი მე დავაარსე, კომპანიას მე ვხელმძღვანელობ და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდება აქ“, - ნათქვამია ცუკერბერგის წერილობით განცხადებაში, რომელიც მან აშშ-ს კონგრესში ჩვენების მიცემამდე გაავრცელა.
ცუკერბერგის თქმით, მან მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ კომპანიის მიზანი ადამიანების დაკავშირება მოკლე ხედვას უზრუნველყოფდა. „არ არის საკმარისი მხოლოდ ადამიანების დაკავშირება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს კავშირები არის პოზიტიური. არ არის საკმარისი ადამიანებს მისცე მხოლოდ ხმა, ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამ ხმას დეზინფორმაციის გავრცელებაში და სხვა ადამიანების საზიანოდ არ გამოიყენებენ“ - წერს ცუკერბერგი.
მიმართვა ორ პრობლემაზეა ფოკუსირებული: Cambridge Analytica-ზე და რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. შედეგად კი ცუკერბერგი აცხადებს, რომ ამიერიდან მისი ხელმძღვანელობის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი იქნება ადამიანები და მათი უსაფრთხოება და არა კომპანიები და მათი რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი.
Facebook-ის ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკამ“ სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემი მოიპოვა, რომლებიც სავარაუდოდ, აშშ-ს 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის და ბრექსიტის რეფერენდუმის დროს იქნა გამოყენებული. სკანდალთან დაკავშირებით ცუკერბერგი ჩვენებას კონგრესს 10 და 11 აპრილს მისცემს.
კოკა კვირკველია