„რეზონანსი" - მიწისქვეშა ავტოსადგომების უმეტესობა სახიფათოა

საცხოვრებელი კორპუსებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების მიწისქვეშა ავტოფარეხების უმეტესობა სახიფათოა.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თანამედროვე მიწისქვეშა პარკინგებში არ მუშაობს სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, რაც მოქალაქეებს სერიოზულ საფრთხეში აგდებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საცხოვრებელი შენობების შემთხვევაში კი ბევრია ავტოფარეხების თვითნებურად გადაკეთების ფაქტი, რაც შენობის კონსტრუქციის მხრივ პრობლემას წარმოშობს.

ურბანისტების შეფასებით, მიწისქვეშა ავტოსადგომს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 3 გასასვლელი: 1 მანქანებისთვის და 2 ადამიანებისთვის, რაც ხანძრის შემთხვევაში მობინადრეების დაცვის აუცილებელი პირობაა. რასაკვირველია, ეს მოთხოვნა თითქმის ყველგან იგნორირებულია. ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებით საზოგადოებრივ დაწესებულებებს, სავაჭრო და გასართობ ცენტრებს აქვთ პრობლემა.

"სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია, თუ არ გვინდა, სავალალო შედეგი მივიღოთ. ამ მხრივ განსაკუთრებით საზოგადოებრივი დაწესებულებები უნდა კონტროლდებოდეს, მასობრივი თავშეყრის ადგილები. საცხოვრებელ კორპუსებში ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია. მობინადრეებმა უნდა მიიღონ ზომები, რამდენად დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს.

სხვა სფეროა საზოგადოებრივი შენობები, რაც მკაცრ ცონტროლს უნდა დაუქვემდებარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უსაფრთხოებაზე საუბარი უაზრობა იქნება. ელემენტარულად, მიწისქვეშა ფარეხებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხი მოწესრიგებული უნდა იყოს, ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. საქართველოში კი, სამწუხაროდ, ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვარდოსანიძემ.

მიწისქვეშა პარკინგის სავალალო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას მშენებლები, რომელთა განცხადებითაც, შენობების უმეტესობაში ეს საკითხი მოუგვარებელია, რაც ხან სამშენებლო ხარვეზია, ხანაც მობინადრეთა დაუდევრობა.

"აი ჯი ეს ჯგუფის" ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მიანიშნებს ცალკეულ დარღვევებზე, რასაც მოსახლეობა მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით აწყდება. მისი თქმით, ხშირია ფაქტი, როცა ავტოსადგომებს სრულიად განსხვავებული დანიშნულებით იყენებენ და ამით უსაფრთხოების სტანდარტს არღვევენ.

"მიწისქვეშა ავტოსადგომებთან დაკავშირებით კანონში კონკრეტულად გაწერილი პუნქტებია, მაგრამ დღეს ამას არავინ ითვალისწინებს. კონსტრუქციულად მიწისქვეშა პარკინგი იგივე ფუნდამენტია. იქ განსაკუთრებული დარღვევა არ უნდა ხდებოდეს.

რაც შეეხება შესასვლელ-გასასვლელების უზრუნველყოფას, პანდუსების დახრილობის კუთხეს და გრადუსს, აქ კონკრეტული სტანდარტია დადგენილი. ხშირ შემთხვევაში ეს გათვალისწინებულია, მაგრამ დარღვევებიც ხდება. საბოლოო ჯამში, არქიტექტორის გათვლა, თუ რა მანძილია საჭირო მანქანის მოხვევისა და მანევრირებისთვის, დარღვეულია", - აღნიშნავს გუჯაბიძე და დასძენს სახანძრო უსაფრთხოებაზეც, რაც ძირითადად ავტოსადგომის შესასვლელ-გასასვლელებს უკავშირდება.

"ვერ გეტყვით, სხვა კომპანიებში რა დონეზეა ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ გვაქვს 2 გასასვლელი ადამიანებისთვის და 1 ცალკე გასასვლელი მანქანებისთვის. საქართველოს რეალობაში მიწისქვეშა სადგომი შეიძლება დაპროექტებული იყოს როგორც ღია პარკინგი, მაგრამ შემდეგ მოხდეს მესაკუთრეთა მხრიდან ცალკეული მონაკვეთების დატიხვრა, რაც დაუშვებელია, რადგან ამით მანევრის საშუალება ისპობა, მიწისქვეშა სივრცე ნაკლებად გამოსადეგი და ნაკლებად პრაქტიკული ხდება მანქანის გამოსასვლელად.

ყველას უნდა, ფარეხში სარდაფი ან საკუჭნაო მოაწყოს და ცდილობენ ამ მიზნით ღია პარკინგების შეფუთვას, კედლების ამოყვანას და ა. შ. პროექტში ეს გათვალისწინებული თუ არ არის, ნებისმიერი ასეთი ფაქტი ზარალს აყენებს ავტოფარეხის დანარჩენ მფლობელებს, რადგან მანევრის საშუალებას სპობს.

არის შემთხვევები, როცა საცხოვრებელ კომპლექსს აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი, მაგრამ პრაქტიკულად გამოუყენებელია, რადგან მენაშენემ შეიძლება დიდი ფართი თავის საკუთრებაში მოაქციოს და თვითნებურად არასწორი წესით გამიჯნოს. ვიღაცას აქვს დიდი მარანი გაკეთებული ან საქეიფო ადგილი და სხვა, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ამ მიზნით ავტოსდაგომის გამოყენება არასწორია. მანქანის მანევრირებისთვის ადგილი აუცილებელია, ამიტომ ვიღებთ შედეგს, როცა ამ მიწისქვეშა სადგომზე მშენებელს ან რომელიმე მობინადრეს უპირატესობა აქვს მოპოვებული ფართის ოკუპაციით და დანარჩენი მობინადრეები ზარალდებიან", - დასძენს გუჯაბიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მშენებლებს მიაჩნიათ, რომ, მშენებელ-ინჟინერთან ერთად, ამა თუ იმ სამშენებლო პროექტის განხორციელებაში უნდა მონაწილეობდეს უსაფრთხოების ექსპერტი, რომელიც სწორედ სახანძრო და სხვა ტიპის უსაფრხთოებაზე იქნება პასუხისმგებელი.

სამშენებლო კომპანია "ორბის" წარმომადგენელი ვაჟა ნავროზაშვილი საუბრობს მომხმარებლის კულტურის დაბალ დონესა და იმ შეცდომებზეც, რასაც ადამიანები უძრავი ქონების შეძენისას უშვებენ.

"ჯერჯერობით ბუნდოვანია ახალი ნორმატივები და მშენებლის მხრიდან თვითნებური მიდგომაც შესამჩნევია. თვითონ დამკვეთები არ არიან მონდომებულნი, რომ დაიცვან ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოების წესები უზრუნველყონ. მიწისქვეშა, ავტოფარეხს რატომღაც მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ, რაც არასწორია.

მშენებლობის პროცესში, მშენებელ-ინჟინერთან ერთად, უსაფრთხოების ექსპერტიც აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს. ფულის დაზოგვის მიზნით ამ ვალდებულებას მშენებელ-ინჟინერი ითავსებს, რაც არ შეიძლება. მას არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, ამიტომ კორპუსი შენდება ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები არ არის სათანადოდ დაცული, რამაც შეიძლება უბედურ შემთხვევამდე მიგვიყვანოს. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ გარკვეულ სტანდარტს არც მომხმარებელი ითხოვს და მშენებლის კეთილსინდისიერებას ენდობა.

"ისე ყიდულობენ ბინას, რომ არათუ მიწისქვეშა სდაგომის ხარისხზე, მშენებლობისას გამოყენებულ მასალებზეც არ აქვთ წარმოდგენა. 150 000 ლარს იხდიან ბინაში და ენანებათ 100 ლარის დახარჯვა, რომ მოიყვანონ სპეციალისტი და შეამოწმებინონ ობიექტის უსაფრთხოება. ცხადია, ეს მიწისქვეშა პარკინგსაც შეეხება.

აუცილებელი პირობაა, სერტიფიცირებული კომპანია აგებდეს ობიექტს და არა მოყვარული, რომელმაც ფული იშოვა და შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე აშენებს სახლს. ვისაც ველოსიპედი დაჰყავს და თვითმფრინავზე დაჯდომას შეეცდება, აუცილებლად გაიწირება და აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნავროზაშვილმა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"