2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.
მისი თქმით, დღეს 14:00 საათიდან სკოლები პირველკლასელთა რეგისტრაციის დასაწყებად მზად იქნებიან.
“პირველ ეტაპზე, 2018 წლის 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, დარეგისტრირდებიან ის პირველკლასელები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში; პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. მეორე ეტაპზე ხდება საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 2018 წლის 8 მაისს დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.emis.ge ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. მესამე ეტაპი არის 2018 წლის 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან სკოლის ბაზებში, ანუ სკოლაში უნდა მივიდეს მშობელი და ბავშვი დაარეგისტრიროს გამოთავისუფლებულ ადგილებზე. ასევე, სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ლია გიგაურმა.
მისი განმარტებით, სავალდებულო დოკუმენტები, რომელიც მშობელმა უნდა წარადგინოს, არის - მშობლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას როგორც საცხოვრებელი ადგილის, ასევე მშობლის რეკვიზიტების შესახებ - ეს იქნება სამუშაო ადგილი იქნება თუ ტელეფონის ნომერი.
„მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა დროულად მოამზადოს დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და წარადგინოს სკოლაში“, - განაცხადა ლია გიგაურმა.