1916 წელს ჰელსინკის ცენტრში გაჩნდა პატარა სახელოსნო აბრით Ab Sportartiklar Oy. აქ იყიდებოდა თხილამურები, თხილამურის ჯოხები და ფინური არყის ხისაგან დამზადებული სხვა სპორტული ინვენტარი. მათი სიმსუბუქე და მოქნილობა სპორტსმენებს უპირატესობას ანიჭებდა არამარტო ფინეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ გამართულ ტურნირებზეც. 1917 წელს ფინელმა მოთხილამურემ ჰანეს კოლეიმანენმა სახელოსნოში დამზადებული ეკიპირებით აშშ-ში გამართული დიდი ტურნირი მოიგო.
Ab Sportartiklar Oy-ის მიერ დამზადებულ პროდუქციაზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდებოდა. 1920 წელს ბრენდმა სახელი შეიცვალა და ყველასათვის კარგად გასაგები Karhu დაირქვა ( Karhu-ფინურ ენაზე დათვს ნიშნავს): კომპანიის პირველ ლოგოტიპზე თხილამურებზე მდგარი დიდი შავი დათვი ეხატა.
სულ მალე Karhu ფინეთის ნაკრების ოფიციალური აღმჭურველი გახდა ოლიმპიადებზე. ფინელმა მორბენალმა პაავო ნურმიმ კომპანიის მიერ შეკერილი სპორტული ფეხსაცმლით რვა ოლიმპიური მედალი მოიპოვა (1920 წელს ანტვერპენში და 1924 წელს პარიზში გამართულ ოლიმპიადებზე); გარდა ამისა, 1932 წლის ლოს-ანჟელესის ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს Karhu -ს თანამშრომლებმა: მატი იარვინენმა შუბის სროლაში და ლაური ლეხტინენმა 5000 მეტრზე სირბილში - კომპანიაში იმ დროს მუშაობდა სპეციალური სისტემა, რომლის მიხედვითაც შესვენების დროს თანამშრომლებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში ავარჯიშებდნენ.
მეორე მსოფლიოს ომის დროს Karhu ფინეთის არმიისათვის აწარმოებდა კამუფლიაჟურ ფორმებს, კარვებს, სამხედრო ჩექმებს, ზურგჩანთებს და თხილამურებს.
1952 წელი Karhu - სათვის ზეწარმატებული გამოდგა. ფინელებმა ჰელსინკში გამართულ ოლიმპიადაზე 15 ოქროს მედალი მოიპოვეს. ბრენდი მთელ მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული გახდა. მათ მიერ შეკერილი სპორტული ფეხსაცმელები აი, ასე გამოიყურებოდა (რამე ხომ არ გაგახსენდათ ამ ბოტასის შეხედვისას?)
მაგრამ იყო ერთი ადამიანი, ვინც განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს ფინური კომპანიის წარმატებას - ეს კაცი ადი დასლერი გახლდათ-კომპანია adidas-ის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი.