სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2017 წელს 314 მილიარდი დოლარი შეადგინა

2017 წლის განმავლობაში სტიქიური უბედურებები შედარებით ნაკლებად მომაკვდინებელი იყო, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა მატერიალურმა ზარალმა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ამის შესახებ ნათქვამია ლუვენის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის კვლევითი ცენტრის CRED-ის ანგარიშში.

მათი ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში წყალიდობასა და გრიგალს, მეწყერსა და სხვა სტიქიურ უბედურებებს 9503 ადამიანი ემსხვერპლა. CRED-ის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია 2007-2016 წლების პერიოდთან შედარებით, რა დროსაც საშუალოდ 68 ათასი ადამიანი იღუპებოდა, ამ პერიოდში შედის ჰაიტის დამანგრეველი მიწისძვრა 2010 წელს, რომელმაც 225,5 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ციკლონი „ნარგიზი“ მიანმაში, რომელმაც 2008 წელს 138,4 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

რაც შეეხება გასულ წელს, ყველაზე მეტი - 136 სტიქიური უბედურება მოხდა აზიაში, რაც მსოფლიოში საერთო რაოდენობის 43%-ია და აქედან 25 მათგანისგან მხოლოდ ჩინეთში 15 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ინდოეთში კი გასულ წელს 15 სტიქიური უბედურება დაფიქსირდა, მან 2,3 ათასი ადამიანი იმსხვერპლა და 22,5 მილიონი ადამიანი დააზარალა.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს მსხვერპლი ნაკლები იყო, ის გახდა 1900 წლის შემდგომ მეორე წელი მიყენებული ზარალის ოდენობით. გასულ წელს 318 სტიქიიდან, რომლის შედეგად 96 მილიონი ადამიანი დაზარალდა, ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა სამი გრიგალი: „ჰარვი“ „ირმა“ და „მარია“. 2017 წელს ისინი კარიბის ზღვის რეგიონში წარმოიქმნენ და ამერიკის სანაპირომდე მიაღწიეს. მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 95, 66 და 69 მილიარდი დოლარი შეადგინეს. ჯამში 2017 წელს ბუნებრივმა კატასტროფებმა 314 მილიარდის ზიანი მოიტანეს.

კოკა კვირკველია