სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გამო, ინდმეწარმე პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებულის სახით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ინდმეწარმე სოსლან აბულაძე პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სოსლან აბულაძე, საქონლის რეალიზაციის გაადვილების მიზნით, სისტემატურად ახდენდა ტექნიკის ცნობილი მწარმოებელი ფირმა SAMSUNG-ის საფირმო სახელწოდებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკანონოდ ნიშანდებას.

"კერძოდ, 2014 წლის 20 მაისს, სოსლან აბულაძემ SAMSUNG-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაცია ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტზე განახორციელა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 2-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.