პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საემიროების ერთ-ერთ უმსხვილეს უძრავი ქონების ჯგუფთან - EMAAR Properties თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გაერთიანება წარმოადგენს 6 სეგმენტში მომუშავე 60 კომპანიას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საქმიანობენ. ამ ჯგუფის პროექტია ყველაზე მაღალი შენობა - ბურჯ ხალიფა, რომელიც ქალაქ დუბაიში მდებარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა EMAAR Properties-ის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო, აგრეთვე ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორსა და სასტუმრო ინდუსტრიის მიმზიდველობაზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია - 2017 წელს საქართველომ 23 პროცენტით მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ხოლო შემოსავალმა 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შეადგინა. არაბული კომპანიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს საკურორტო ზონებში უძრავი ქონების პროექტებმა და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებმა, ასევე მთავრობის მხრიდან რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმებმა. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და საემიროების ერთ-ერთ უმსხვილეს უძრავი ქონების კომპანიასთან სამომავლოდ გაგრძელდება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა EMAAR Properties-ის სტენდი დაათვალიერა.