რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართველი სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციისა და აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყო ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვისაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია. გაიმართა ფორუმი და არაერთი დისკუსია.