ქართველებს ქვეყანაში ყველაზე მეტად გერმანელი და ამერიკელი ტურისტების შემოსვლა სურთ. ამის შესახებ IPM-ის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის ფარგლებში, საქართველოში და სომხეთში 1200-მა რესპონდენტმა უპასუხა კითხვას - თუ რომელი ქვეყნებიდან ისურვებდნენ ტურისტთა ნაკადის შემოსვლას მათ ქვეყანაში.
საქართველოში გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. ვიზიტორთა შორის ლიდერობენ სომხები, ასევე, აზერბაიჯანელები და თურქები. კვლევის მიხედვით კი, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას შესაბამისად გამოკითხულთა - 16%, 20% და 16% მომხრე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის, ქართველებისთვის, კერძოდ, გამოკითხულთა 32%-სთვის ყველაზე სასურველი რუსი ტურისტების მიღება აღმოჩნდა. ზოგადად კი, ქართველ რესპონდენტებს ყველაზე მეტად გერმანელი (47%), ამერიკელი (47%) და ფრანგი (44%) ტურისტების მასპინძლობა სურს. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოსვლას არც ერთი ქვეყნიდან არ ისურვებდა. ( რესპონდენტებს შეეძლოთ ერთზე მეტი პასუხის დაფიქსირება. რის გამოც, პასუხების ჯამი 100%-ზე მეტია),“-აღიშნულია კვლევაში.