თბილისის მერია ერთ ჰიბრიდულ ავტომობილს 49,6 ათას ლარად ყიდულობს

თბილისის მერია 30 ახალ, ჰიბრიდულ ავტომობილს სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოდან“ იყიდის.

„ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 1 488 450 ლარზე გაფორმდება. კომპანიამ თბილისის მერიას ავტომობილები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს.

ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა.

ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. შესყიდვის ობიექტის გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 წელია ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი).

ცნობისთვის, ტენდერის პირობების თანახმად, ავტომობილების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 744 680 ლარი იყო. ტენდერში ორი კომპანია შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ მონაწილეობდნენ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზება 1 720 140 ლარი იყო, ხოლო „ჰიუნდაი ავტო საქართველოსი“ - 1 578 270 ლარი. თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“ 1 488 450 ლარზე შედგა.

დედაქალაქის მერიის მოთხოვნის თანახმად, შემოთავაზებული მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი), თეთრი ფერის, განბაჟებული და 2018 წელს გამოშვებული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტომანქანა უნდა იყოს არანაკლებ 120 ცხენის ძალის მქონე, ძრავას მოცულობა არანაკლებ 1.6, საწვავის ავზი არანაკლებ 40 ლიტრიანი, გარბენი არაუმეტეს 50 კმ უნდა იყოს.

გარდა ამისა, ავტომობილს უნდა ჰქონდეს 6 უსაფრთხოების ბალიში, კონდიციონერი, აუდიოსისტემა, საჭის ჰიდრო გამაძლიერებელი, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, მძღოლის სავარძელი სიმაღლეში რეგულირებით, აღჭურვილი იყოს ბორტ კომპიუტერით, ალუმინის დისკებითა და მარცხენა საჭით.

ცნობისთვის, თბილისის მერია 30 ცალი მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილით ზედამხედველობის სამსახურს აღჭურავს.