ბათუმში ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორიის განსაზღვრის საკითხს ბათუმის საკრებულოს 18 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგი იყო. ახალი ზოოპარკი ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ზოოპარკის გადატანის ხარჯზე ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხის გადატანით სამუშაოებს განახორციელებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ანთაძე ამბობს, ბათუმში მდებარე ზოოპარკის გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი კორპუსების მშენებელობა იგეგმება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიებს ბათუმის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ზოოპარკის გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობა იგეგმება.
„ზოოპარკის დღეს არსებულ ტერიტორიას სკვერის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ ტერიტორიის, როგორც სკვერისა და პარკის განვითარება მოხდება. დღეს მდგომარეობით სხვა პროექტი მოცემულ ტერიტორიაზე არ არსებობს. ზოოპარკის გადატანა დაახლოებით წელიწადნახევარში მოხდება. დღეს საკრებულომ მხარი ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხს დაუჭირა“,- განაცხადა გოგა ლომაძემ.
როგორც ცნობილია, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ახალი ზოოპარკის მშენებლობის სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.