"m²"-მა 5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების განთავსება დაასრულა

"m²"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დეველოპერულმა კომპანიამ, 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა.

აშშ დოლარში დენომინირებული, ერთწლიანი ობლიგაციების გამოშვების თაობაზე დეველოპერულმა კომპანიამ "m²" ერთი თვის წინ განაცხადა. თავისუფალი ფინანსური სახსრების დაბანდება "m²"-ის ობლიგაციებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

"მოხარული ვართ, განვაცხადოთ "m²"-ის ობლიგაციების განთავსების წარმატებით დასრულების შესახებ. ობლიგაციებზე დაფიქსირდა მაღალი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან, რის შედეგადაც ობლიგაციების განთავსება სულ ერთ თვეში დასრულდა. დეველოპერული კომპანია "m²" განაგრძობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და მომავალშიც გეგმავს მომხმარებელს შესაძლებლობა მისცეს, დააბანდოს საკუთარი თავისუფალი ფინანსური სახსრები თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებში. ხსენებული ობლიგაციების გამოშვებით "m²"-მა, რომელიც, ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, მოახდინა მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია", - განაცხადა დეველოპერული კომპანიის "m²" -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ბურდილაძემ.