დარიალის ხეობაში რამდენიმე საათში გვირაბის გაწმენდა დაიწყება

დარიალის ხეობაში, მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გვირაბის გაწმენდა დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე ავრცელებს. მისივე განმარტებით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები ისევ აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

"სამუშაოები გამთენიიდან განახლდა, თუმცა ღამითაც მორიგეობს ჩვენი ჯგუფი. ადგილზე 37 ერთეული, ყველა სახის მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რაც სტიქიის აღმოსაფხვრელად და საჭირო ღონისძიებების გასატარებლად არის საჭირო", - განაცხადა ვაჟა ფანჩულიძემ.

ფანჩულიძის განმარტებით, საქართველოს საკმარისი რაოდენობის ტექნიკა აქვს და ამ კუთხით სხვა ქვეყნის დახმარებას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ამასთან, ვაჟა ფანჩულიძის თქმით, ამჟამად თერგის ძველი კალაპოტის გადაკეტვა მიმდინარეობს, რომ სამაშველო სამსახურმა გვირაბში შესვლა შეძლოს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უჭირს წინასწარ პროგნოზირება, რა ვადებში დასრულდება სამაშველო სამუშაოები.

"ძალიან რთული სამუშაოა - დიდი მასაა ჩამოსული, ამიტომ ძნელია თქმა, როდის მოხდება სტიქიის სრული ლიკვიდაცია. პირველი ეტაპის ამოცანაა სრულიად მოხდეს თერგის მიერ შეკავებული წყლის მასის დაცლა და დროებითი გზის მოწყობა. ვფიქრობთ, რომ ამას უახლოეს პერიოდში შევძლებთ, თუმცა კონკრეტული დღის დასახელება არაგონივრული იქნება, საქმე ეხება სტიქიას და დამოკიდებული ვართ გარემო პირობებზე. დარიალის ხეობაში ამჟამადაც წვიმს", - აღნიშნა ვაჟა ფანჩულიძემ.

დარიალის ხეობაში მეწყერი 17 მაისს ჩამოწვა.