ვინ არის 19 წლის ქართველი, რომელმაც მასაჩუსეტსის ინსტიტუტში სრული დაფინანსება მოიპოვა

19 წლის სანდრო საათაშვილი ერთ-ერთია იმ წარმატებულ ქართველ ახალგაზრდებს შორის, ვინც ბოლო პერიოდში აშშ-სა და ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტებისგან სრული დაფინანსება მიიღეს. მან აშშ-ში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სწავლის გადასახადი 70 000 დოლარს აღწევს, სრული დაფინანსება მიიღო და სექტემბრიდან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება.

1861 წელს დაარსებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT) მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგში წლებია პირველ ადგილს არავის უთმობს. 2017 წლის მონაცემებით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის 91 ნობელის ლაურეატია! გარდა ამისა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია. სასწავლებელი აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, კემბრიჯში მდებარეობს.

19 წლის სანდროს მიმართულება ჯერ არ აურჩევია, თუმცა თითქმის გადაწყვიტა, რომ არჩევანი მათემატიკაზე შეაჩეროს. საინტერესოა, რა გზა გაიარა ქართველმა ბიჭმა მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში მოსახვედრად - ამის შესახებ სანდრო საათაშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

„გამოცდის ჩაბარებას ძალიან დიდი მნიშვნლობა არ ენიჭება, ძალიან მაღალ ქულებს არ ითხოვენ. უნივერსიტეტში მიღების მთავარი მიზეზი წარსულის საოლიმპიადო წარმატებები გახდა, კერძოდ, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღებული ოქროს მედალი. ქულებზე უფრო მეტად აკვირდებიან შენს CV-ს, ანუ რა გაქვს გაკეთებული, რა გისწავლია, სადმე ხომ არ გიმუშავია და საბოლოო გადაწყვეტილებას ასე იღებენ,“ - განმარტავს სანდრო.

უნივერსიტეტში მისაღებ უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ, ქართველმა ბიჭმა ზუსტად არ იცოდა, მასზე არჩევანს შეაჩერებდნენ თუ არა, თუმცა აპლიკაციის შევსებისა და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ ფიქრობდა, რომ შანსი ჰქონდა.

მათემატიკით ბავშვობაში დაინტერესდა. როგორც სანდრო განმარტავს, ტექნიკური საგნები ყოველთვის აინტერესებდა, მათემატიკა კი ყველაზე კარგად გამოსდიოდა, ამიტომ ცოდნის გასამყარებლად მე-7 კლასიდან სწავლა სკოლა-პანსიონ კომაროვში გააგრძელა. მხოლოდ მათემატიკაში მეცადინეობას დღეში 6-8 საათს უთმობდა, დავალებების შესასრულებლად კი, როგორც წესი, სხვებზე ნაკლები დრო სჭირდებოდა.

სანდროს შრომისმოყვარეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკასა და ფიზიკაში უდიდესი წარმატებები მოჰყვა: 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ასევე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. სანდრო ეროვნულ ოლიმპიადებშიც ლიდერობდა და მათემატიკის მიმართულებით პირველი, მეორე და მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მან პირველი ადგილი ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაზეც დაიკავა, რამდენიმე თვეში კი ცოდნის გასაღრმავებლად აშშ-ში გაემგზავრება.

ოლიმპიადებზე გამარჯვების შემდეგ, 19 წლის სანდრო საათაშვილი კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის ხელმძღვანელი გახდა და თავის ცოდნას სხვა მოსწავლეებს უზიარებს.

სრულად იხილეთ