ვაჭრობა სიცოცხლის რისკის ფასად

გახდება, თუ არა გალი აფხაზეთის ეკონომიკური ხერხემალი?

წლებია, აფხაზეთის ხელისუფლება, გალის რაიონის მთელი აფხაზეთისთვის ეკონომიკურ ხერხემლად გადაქცევას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის... გალის რაიონის მოსახლეობა ჯიუტად ცდილობს ზუგდიდის ბაზარს არ მოსწყდეს.

ვალერი, 53 წლის, სოფელ საბერიოს მკვიდრი:

-მთელი ზამთარი გვაკონტროლებდნენ, როგორც რუსები, ისე აფხაზები. ცდილობდნენ, ციტრუსი ენგურს აქეთ არ გადმოგვეტანა, მაგრამ მაინც ვახერხებდით. შემოვლითი გზებით, გალის იზოლატორში მოხვედრის, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, მაინც გადმოვდიოდით ენგურს გაღმა. შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ, რადგან ნებისმიერი პროდუქტის მოყვანას, თხილი იქნება, სიმინდი, ლობიო, მუხუდო თუ ციტრუსი, ძალიან დიდი შრომა სჭირდება და კაპიკებში გაყიდვა არ გვიღირს. ჩვენც ხომ უნდა დაგვრჩეს რამე. მით უმეტეს, აქ სამსახური და ხელფასი, წლებია არ არსებობს. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციობს, ”ენგურჰესია”, მაგრამ ყველა იქ ხომ ვერ იმუშავებს?.. ამიტომაც ვცდილობთ, ყველა სეზონზე რაღაც, თუნდაც მცირედი, მაგრამ ჩვენი ეზოს შემოსავალი გვქონდეს... მთელმა საქართველომ იცის, რომ თხილის მოსავლით, გალის რაიონი ცნობილია, მაგრამ შარშანდელი მოსავლით, შეიძლება ითქვას, რომ ვიზარალეთ, მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი ესხა. მაშინ, როდესაც, ზუგდიდის ბაზარზე ერთი კგ თხილი 4 ლარამდე ღირდა, ჩვენ ქართული ვალუტით 2 ლარამდე ჩაგვაბარებინეს. ნახევარი ტონა გადანახული მქონდა. თანდათან გავზიდე ზუგდიდში და მისგან აღებული ფულით გავიტანე მთელი ზამთარი. გალის ბაზარზე თითქმის რუსული პროდუქტი იყიდება და ყველაფერი ძვირი ღირს. ამიტომ, როდესაც ენგურის ხიდზე გადავდივართ, სურსათსა და პირველადი მოხმარების ჰიგიენის ნივთებს, ერთი თვის სამყოფს ვეზიდებით...

- ამ სეზონზე რას ყიდით ზუგდიდის ბაზარზე?..

- ჩითილებს... ცოტა თხილი გვაქვს შემონახული. ე.წ. დამსკი პალეცი... ვისაც სათბური აქვს, კიტრი და პამიდორიც მოჰყავს და გასაყიდად მიაქვს. მალე ხილიც შემოვა. ალუჩა, ტყემალი, მალინა... კივი და ლიმონი ახლახან გამოვლიე. აქამდე შენახული მქონდა... ცოტა-ცოტა ხილის არაყიც გვაქვს შემორჩენილი. ჩვენს ხალხს შრომა რომ არ ეზარება, კი იცით. სათესლე სიმინდსაც ვყიდით. ერთი ფუთი 10 ლარი ღირს. გალის, ე.წ. გრძელტაროიანი სიმინდი პოპულარობით სარგებლობს. ახლა ხვნა-თესვაა და მუშტარიც არ გვაკლია, ზუგდიდამდე ჩატანა ვიკითხოთ თორემ... უმეტეს შემთხვევაში, დროგით მიგვაქვს..

- დაკავების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა გიწევთ?..

ლამარა, 43 წლის, სოფელ სიდას მკვიდრი:

-დიახ, ჯერ გალის იზოლატორში გადავყავართ. შემდეგ კი, ფულადი ჯარიმის საფასურად გვიშვებენ. ამას წინათ, რუსმა მესაზღვრეებმა, ჩემი მეზობლები დააკავეს, ”ჟიგულით” ბოსტნეული გადაჰქონდათ სამეგრელოში. ბოსტნეულიც ჩამოართვეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ... მაინც რისკავს ხალხი, იმიტომ, რომ აქ, გალის ბაზარში ორ-სამჯერ ნაკლებ ფასში გვიწევს ჩაბარება და გაყიდვის ალბათობაც ნაკლებია, რადგან ხალხმრავალი ბაზრობები მხოლოდ კვირაში ორჯერ იმართება. მე პირადად, პატარა, სურსათის ჯიხური მაქვს, სადაც ზუგდიდიდან გადმოტანილ წვრილმანებსაც ვყიდი... მეუღლე და შვილი ”ენგურჰესში” მუშაობენ და ასე გაგვაქვს თავი.

-”ენგურჰესში” ხელფასი რამდენია?

- მაღალი, ქართული ვალუტით 500 ლარამდე, მაგრამ მხოლოდ ამ შემოსავლით ადამიანი ვერ იარსებებს...

მერაბი, 42 წლის, სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი:

- ჩემი სოფლიდან ზუგდიდამდე ჩაღწევა, ყველაზე რთულია, რადგან ჭუბურხინჯში, გალის სხვა სოფლებთან შედარებით, ყველაზე დიდი რაოდენობის რუსი სამხედრო ნაწილებია განთავსებული... 50-მდე ძროხა მყავს. რძის ნაწარმს ვაგროვებ და თვეში ორჯერ, ღამე მიმაქვს ზუგდიდის ბაზარში გასაყიდად. ბაზარზე გატანის გარდა, რამდენიმე რესტორანშიც ვაბარებ, -ადგილორბივები უფრო ძვირად აფასებენ, ჩემი ყველი, ეკოლოგიურადაც უფრო სუფთაა და უფრო იაფადაც ვყიდი, რადგან მირჩევნია, ერთბაშად მოვიშორო... ფულის გალში ჩამოტანის რისკი დიდია და ამიტომ, დიდ სიას ვაკეთებ, - ერთი თვით ადრე ვიწყებთ ჩამონათვალის გაკეთებას. ერთი შვილი სტუდენტია, სოხუმის უნივერისტეტში სწავლობს და ქირაც უნდა გადავიხადო. კი მინდოდა, თბილისში სწავლა, მაგრამ მაშინ ვერ გავრისკე, ახლა მით უფრო ვერ ვრისკავ, - რომ გაიგონ, საბუთები სოხუმიდან თბილისში გადაიტანა, შეიძლება, კონტროლქვეშ აიყვანონ და აქ მე შემიქმნიან პრობლემებს და ენგურის საზღვარზე მიმოსვლისას ჩემს შვილს... ფუტკარიც მყავს. რუსებმა და აფხაზებმა არაერთხელ წამართვეს რამდენიმე ბიდონი თაფლი, მაგრამ შემდეგ, როგორღაც ”კონსენსუსს” მივაღწიეთ.

- რას გულისხმობთ?

- შემოვარდნასა და ძალის წართმევას ვარჩიე, ჩემით მიმეცა... შარშან, გვიან შემოდგომაზე, ამინდი გაფუჭდა, ზუგდიდის ბაზარში ვერ გადავიტანე და არყად გამოვხადე... ისე კი, აფხაზები უფრო ლმობიერები არიან, - ყოფილა შემთხვევა, რომ საზღვრამდეც კი მივუცილებივარ და ზუგდიდამდე მშვიდობით ჩავსულვარ, რასაც რუსებზე ვერ ვიტყვი...

ლალი პაპასკირი

bpn