მარკ ცუკერბერგის ამერიკის სენატში გამართული მოსმენა და ცუკერბერგის მხრიდან გაკეთებული განცხადებები კომპანიაზე დადებითად აისახა.
გუშინ საფონდო ბირჟებზე სოციალური ქსელ Facebook-ის აქციების ფასმა თითქმის 5%-ით მოიმატა.
Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კონგრესში წარმომადგენელთა პალატის წინაშე, ჩვენების მისაცემად გუშინ მეორედ წარდგა. მისი თქმით, 87 მილიონ მომხმარებელს შორის, რომელთა პირადი მონაცემებიც კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკამ“ უკანონოდ გამოიყენა, თავადაც მოხვდა. საუბრის მთავარი თემები სხვადასხვა სახელმწიფოში არჩევნებზე ჩარევა-გავლენის საკითხი, რუსული ტროლები და Facebook-ის უსაფრთხოება იყო.
კონგრესმენების მწვავე შეკითხვებს ცუკერბერგმა 10 აპრილსაც უპასუხა. მან ბოდიში მოიხადა და საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები, სპეც-პროკურორმა რობერტ მალერმა გამოკითხა. „ჩვენი დიდი შემცდომა ის იყო, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის დონე სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ეს ჩემი შეცდომა იყო და ბოდიშს ვიხდი. Facebook-ი მე დავაარსე, კომპანიას მე ვხელმძღვანელობ და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდება აქ“, - განაცხადა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა.
Facebook-ის ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკამ“ სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემი მოიპოვა, რომლებიც სავარაუდოდ, აშშ-ს 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის და ბრექსიტის რეფერენდუმის დროს იქნა გამოყენებული. სკანდალთან დაკავშირებით ცუკერბერგმა ჩვენება კონგრესს 10 და 11 აპრილს მისცა.
კოკა კვირკველია