"სასტარტო კაპიტალის პროგრამის ბენეფიციარი რამდენიმე ჯგუფი იქნება, მათ შორის ემიგრანტებიც", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ტექნოპარკში განუცხდა. ბახტაძის თქმით, კომერციულ ბანკებზე "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა" მხოლოდ დადებითად აისახება.
"ჩვენი ბენეფიციარები პირველ რიგში ესენი იქნებიან მცირე მეწარმეები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან რეალურ სექტორში, მაგრამ ამასთან ერთად, ამ პროგრამის ბენეფიციარები გახდებიან ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც დასაქმებულები არიან ტექნოლოგიების სექტორში, არიან სტარტაპერები და ქმნიან ინტელექტუალურ პროდუქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვაყალიბოთ ისეთი გარემო, სადაც ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ სრულყოფილად რეალიზებას", - განაცხადა ბახტაძემ.
კითხვაზე, როგორ აისახება ეს რეფორმა კომერციული ბანკების საქმიანობაზე, ბახტაძე პასუხობს: "მხოლოდ დადებითად".
"ჩვენი რეფორმის ფარგლებში, რასაც ვგეგმავთ, უნდა მოხდეს სასტარტო კაპიტალის მიწოდება მათ შორის ფინანსური სექტორის ჩათვლით. ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს არის, ხელს უშლის მეწარმეობის მასშტაბურ განვითარებას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, დავამუშავეთ პროექტი, რომელსაც რამდენიმე მიმართულებით ეყოლება ბენეფიციარები. პირველ ყოვლისა, ვგულისხმობთ მცირე მეწარმეებს, რეგიონალურ განვითარებას და ახალგაზრდა სტარტაპერებს. ასევე იქნება სპეციალური პროგრამა ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომელთაც შეეძლებათ თავიანთი გამოცდილებისა და ადამიანური კაპიტალის რეალიზაცია საქართველოში მოახდინონ", - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ მთავრობის მიზანი სიღარიბის დამარცხებაა.
"ამის ყველაზე მარტივი ფორმულაა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება. რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს არის ერთადერთი სწორი ფორმულა რომ ეს მიზანი მიიღწეს", - განცხადა ბახტაძემ.