"ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განაცხადა, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს.
მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და განსაკუთრებით სტარტაპებს. მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ მცირე მეწარმეობის წასახალისებლად ინიციატივა მომზადდა.
„რეგიონებში პირადად ვიყავი ჩასული და შევხვდი ადამიანებს, ვისაც ეს შეეხება და ასეთი არის საკმაოდ ბევრი, მაგრამ სახეზეა სხვა მნიშვნელოვანი ბარიერებიც. უპირველესად, სახეზე გვაქვს სასტარტო კაპიტალის ნაკლებობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი ბარიერების ბოლომდე გასაუქმებლად. დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით, 300 კომპანიის მიერ, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის ძალიან მაღალი რისკია, რაც ჩვენს ეკონომიკას ნაკლებად მდგრადს ხდის. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ყველაზე მასშტაბური რეფორმა ჩვენს ეკონომიკაში, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. მას ეწოდება "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა", რაც გულისხმობს ჩვენი ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას", - განაცხადა ბახტაძემ.