ჯერ კიდევ სამიოდე თვის წინ, ჯორჯ სოროსი ციფრულ ვალუტებს „საპნის ბუშტად“ მოიხსენიებდა.
მაგრამ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. სააგენტო ბლუმბერი იტყობინება, რომ სოროსის კომპანია „სოროს ფაუნდ მენეჯმენტი“, რომელიც 26 მილიარდი დოლარის აქტივებს განაგებს, ციფრული ვალუტების ბაზრით დაინტერესდა და მასში ინვესტირებას გეგმავს.
როკფელერების ოჯახის კომპანია „ვენროკი“ უშუალოდ მონაწილეობს ციფრული ვალუტების ბიზნესში. კერძოდ, ის კომპანია „კოინფაუნდთან“ პარტნიორობს, რომელიც მეწარმეებს ბლოკჩეინის ბაზაზე, ახალი პლატფორმების გაშვებაში ეხმარება. „ვენროკის“ პარტნიორმა დევიდ პეკმანმა „ფორჩუნთან“ ამასწინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ „კოინფაუნდთან“ თანამშრომლობა იმის საფუძველზე გადაწყდა, რომ მას აქვს ახალი ციფრული ვალუტების პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.
ახლახან პროექტ „კარდანოს“ გენერალურმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ციფრული ვალუტების ბაზარზე სოროსი, როკფელერები და როტშილდები გამოჩნდნენ. მისი აზრით, ეს იმას მოასწავებს, რომ ამ ბაზარზე, ციფრული ვალუტების რეგულირებებით ზეწოლა შემსუბუქდება.
უნდა ითქვას, რომ ჰოსკინსონი როტშილდების ხსენებისას, კომპანია „როტშილდ ინვესტმენტ კორპორეიშენს“ გულისხმობდა, რომელიც კომპანია „ბიტკოინ ინვესტმენტ ტრასტთან“ თანამშრომლობს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ „როტშილდ ინვესტმენტს“ როტშილდების ოჯახთან საერთო არაფერი აქვს.
სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ, ციფრული ვალუტების ბაზარს „ცუდ დასასრულს“ უწინასწარმეტყველებდა კიდევ ერთი მაგნატი - უორენ ბაფეტი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სოროსის მსგავსად, მანაც შეიცვალა შეხედულება, თუ ციფრულ ვალუტებს ძველებურად სკეპტიკურად უყურებს.