2018 წლის 7 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია 20 178 ვიდეოჯარიმა - ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-მ შს სამინისტროდან გამოითხოვა.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით პერიოდში გამოვლენილი ვიდეოჯარიმების რაოდენობა შეადგენს 227 649-ს. გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით კი 65 911 შემთხვევაში ისარგებლეს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება მარტის დასაწყისში დაიწყო. საჯარიმო ქვითრების ნახვა Police.ge-ზეა შესაძლებელი. ამისთვის მძღოლს პირადი ან მანქანის მონაცემების შეყვანა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
წყარო: ALLNEWS.GE