უახლოეს მომავალში საქართველოს სამხედრო გზა მნიშვნელოვნად გაფართოვდება.
ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საავტომობილო გზების მართვის Кавказ-ის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ჩრდილოეთ ოსეთის ფედერალურ გზებზე გამართული პრესტურის ფარგლებში განუცხადეს - წერს „ეხო კავკაზა“.
მათი ინფორმაციით, საავტომობილო გზის სამოძრაო ხაზის გაფართოება უკვე მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. ზაფხულის განმავლობაში გზის ვიწრო გამტარუნარიანობის გამო „საქართველოს სახედრო გზაზე“ ხშირია საცობები, რომელიც რამდენიმე კილომეტრი სიგრძისაა.
როგორც რუსული მედია წერს, უკვე მომზადებულია ამ პრობლემის გადაწყვეტის გეგმა: არსებული ორხაზოვანი გზის გაფართოება მოხდება 6 ხაზამდე. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მდინარე თერგის კალაპოტზე გზის გაფართოების ხარჯზე. შედეგად რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელი გზა გაფართოვდება სამჯერ - წერს გამოცემა.
ამ დროისთვის პროექტი ითვალისწინებს გზის გაფართოვებას ყველაზე პრობლემურ მონაკვეთზე: კილომეტრიან მონაკვეთზე ნეიტრალურ ზონაში, რომელიც მდებარეობს საბაჟო გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გაგრძელებაზე. მათივე ინფორმაციით, შესასრულებელი სამუშაოები გამოირჩევა სირთულით, არსებული გეოლანდშაფტის გათვალისწინებით: გზა გადის ვიწრო ხეობის მუდმივი ქვათაცვენის ადგილას.
კოკა კვირკველია