2017 წელს სახელმწიფომ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 43 338 900 ათასი ლარი გამოყო.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი იყო ზარალი, რაც 2017 წელს ქვეყანას სხვადასხვა სტიქიური უბედურებების დროს დაატყდა, არ აქვს. თუმცა აქვთ მონაცემები იმის შესახებ, რომელიც ზარალის სალიკვიდაციოდ გამოიყო.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფომ ყველაზე მეტი თანხა იმერეთის რეგიონისთვის გამოყო - 12 605 900 მილიონი ლარი. აქედან 2 381 900 მილიონი ხარაგაულისთვის.
რეგიონი, სადაც სახელმწიფომ ზარალის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ასევე დიდი თანხები გამოყო, არის გურია - ჯამში 10 980 000 მილიონი ლარი. აქედან 4 560 000 ლარი ლანჩხუთის მუნიციალიტეტის ინფრასტქრუქტურის აღდგენას მოხმარდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, რეგიონი, სადაც სტიქიისგან მიყენებული ზარალის საკომპენსაციო სამუშაოებისთვის ყველაზე ნაკლები თანხები გაიხარჯა, ქვემო ქართლია - 670 000 ლარი. ხოლო რეგიონი, სადაც ინფრასტრუქტურის აღსადგენად სახელმწიფო თანხები არ გამოყოფილა, კახეთია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად აღნიშნულ რეგიონის ინფრასტრუქტურას სეტყვა მნიშვნელოვნად აზარალებს. როგორც ჩანს, ზარალის აღსადგენად 2017 წელს თანხები მხოლოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო.
2017 წელს წყალდიდობებმა, ქარიშხლებმა და სეტყვამ რეგიონებს ზარალი მიაყენა. როგორც აღვნიშნეთ, ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ზაფხულში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დაბა ურეკსა და შეკვეთილს, რის გამოც სეზონი ნაადრევად შეწყდა და დამსვენებლები ტერიტორიიდან გაიყვანეს. წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაიტბორა ფოთი. სერიოზული პრობლემები შექმნა ქარმა იმერეთის რეგიონსა და აჭარაში, სადაც ქარს ერთვოდა უხვი ნალექიც. აღნიშნულ რეგიონებში მეწყრული პროცესების გააქტიურებამ შიდა გზებიც დააზიანა.
2017 წელს სტიქიურ უბედურებებს შორის ყველაზე დიდი გამოწვევა ტყის ხანძრები იყო. განსაკუთრებით დიდი ზარალი მიადგა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოს დასაწყისის მდგომარეობით, საქართველოში ტყეებსა და მინდვრებზე 23 ხანძარი დაფიქსირდა. უწყების მასალების მიხედვით, სულ წლის დასაწყისიდან დაიწვა 47 ჰექტარი ტერიტორია. ამ მონაცემებში არ შედის მასშტაბური ხანძარი ბორჯომის ტყეში, რომელიც 20 აგვისტოს გაჩნდა, ასევე მის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გაჩენილი ხანძრები. წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის მასშტაბური ხანძრის დროს 100 ჰექტარი მიწა დაიწვა.
თეონა კენჭიაშვილი