ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ფინანსურ ინსტიტუტებს ახალ რეგულაციებს უწესებს. ახალი ცვლილებები ძალაში 2018 წლის 14 მაისიდან შევა.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას. კერძოდ, ფინანსურ ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მას შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებაც მიაწოდოს ინფორმაცია.
„აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება, მათ შორის, ისეთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით პროდუქტის შეთავაზებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ინტერნეტ-ბანკი, გადახდის თვითმომსახურების კიოსკები და ბანკომატები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა.შ. მაგალითისათვის, თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, ამგვარი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ შეთავაზებაში პროდუქტის ფასის განმსაზღვრელ ნებისმიერ პარამეტრს მიუთითებდნენ.
ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესი, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და შეთავაზების პირობების წინასწარ მიწოდებასა და ამ ინფორმაციის შემდგომ ხელმისაწვდომობას, ასევე მომხმარებელთან ზეპირი კომუნიკაციის სტანდარტებს. ზემოაღნიშნული ცვლილება შესაბამისობაშია "მომხმარებლის ფინანსური მომსახურების დისტანციური მარკეტინგის" შესახებ ევროდირექტივის მოთხოვნებთან.
გარდა ამისა, განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულება უზრუნველყოს სესხების გამჭვირვალედ ამორტიზაცია, რაც გულისხმობს დარიცხული პროცენტის დაანგარიშებისას ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის გამოყენებას. ასევე, დაზუსტდა ხელშეკრულების ფორმების ნიმუშები მათი შინაარსის უფრო ცხადად გამოხატვისა და მომხმარებლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით,“-ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.