„ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობა 30%-ით გაიზარდა“ - ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეებმა სასამართლოში უნდა იჩივლონ

„2015 წლიდან ავტოსაგზაო შემთხვევებისას ფეხით მოსიარულეთა დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა“.

ამის შესახებ საავტომობილო ექსპერტმა ზურაბ ბეჟაშვილმა, რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა პირებმა დაიწყეს მოძრაობა „გზა დაუთმე ფეხით მოსიარულეს“, რის შემდეგაც, 30%-მდე გაიზარდა დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. ეს იყო არასწორი კამპანია, რადგან როდესაც ადამიანს პირდაპირ ვეუბნებით, რომ ფეხით მოსიარულეს დაუთმოს გზა და არ ვეუბნებით - რა არის სამუხრუჭე მანძილი, რომ ავტომობილი მყისიერად ვერ გაჩერდება და ა.შ. ამან სერიოზული უბედური შემთხვევები გამოიწვია,“-აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის ზრდას პირდაპირ უწყობს ხელს გზებზე დამონტაჟებული თუ დაყენებული არასწორი საგზაო ნიშნები-მონიშვნები, არასწორი დახაზვები და ა.შ.

„მოვუწოდებ ყველას, ვინც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა სასამართლოში იჩივლოს, რადგან აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც საგზაო მონიშვნები არასწორად დაამონტაჟა და ვინც ამის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს,“-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წელს 6 079 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 517 ადამიანი დაიღუპა, 8 461 კი დაშავდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთა 58% 26-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანია.