საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მაღალია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ეს რეალობაა. მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ ბევრ განვითარებად ქვეყანას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყანას, საპროცენტო განაკვეთები შესადარისია ამ ქვეყნებთან , - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის გუშინდელი განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საქართველოს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა ბიზნესის დაწყების შანსს.
კახა კიკნაველიძის თქმით, მინისტრმა აღნიშნული განცხადება სასტარტო კაპიტალის პროგრამასთან დაკავშირებით და სტრატაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ბანკების მხრივ სტარტაპ პროექტების დაფინანსება მართლაც სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება ასე.
„საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მაღალია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ეს რეალობაა. მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ ბევრ განვითარებად ქვეყანას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყანას, საპროცენტო განაკვეთები შესადარისია ამ ქვეყნებთან. რეალურად მე ვეთანხმები ფინანსთა მინისტრს. რეალობა ის არის, რომ სტარტაპების დაფინანსება სასესხო კრედიტებით რთულია. ეს დასავლეთის ბევრ ქვეყანაშიც ასეა. ძალიან ძნელია და დიდი რისკებიდან გამომდინარე ხდება ასე. მიუხედავად ამისა, „საქართველოს ბანკი“ ცდილობს არამარტო სტარტაპების, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ინიციატივები გამოვიჩინოთ. ჩვენ ბიზნესის დაფინანსებაში აქტიურად ვართ ჩართულები და ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და მთავრობის ინიციატივებთან. ეს ინიციატივა, რომელიც სასტარტო კაპიტალის დაფინანსებას შეეხება, ხელს შეუწყოს სტარტაპების განვითარებას და ჩვენ გვინდა აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა კიკნაველიძემ.
საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. მისივე შეფასებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების.
მისივე განცხადებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.