„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მარტო ქართული საბანკო სისტემა“

საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ მას ყველაფრის დაფინანსებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

ხაზარაძის განმარტებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე.

„ქართული საბანკო სისტემა არის ქართული ეკონომიკის 60%-ის პროცენტის დამფინანსებელი. ქართული საბანკო სისტემა არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემა. ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მინდა გითხრათ, რომ რეგიონში ქართულ საბანკო სისტემას აქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი, რომელსაც ჩვენ ვიძლევით კორპორაციებზე. უფრო მეტს გეტყვით, რომ ჩვენი დაფინანსებული კორპორაციები, ქართულ კორპორაციებზე და კომპანიებზე მაქვს საუბარი, ფინანსურად და პროცენტული თვალსაზრისით უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინასებენ დამფინანსებელს", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, "სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მარტო ქართული საბანკო სისტემა“.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები. არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, არ არსებობს საფონდო ბირჟა, არ არსებობს ფონდები, ვენჩურ კაპიტალი, რომელიც იმედია შეიქმნება იმ რეფორმების შესაბამისად, რომელიც მიმდინარეობს. მაგრამ ვიმეორებ, მთელი სიმძიმე ეკონომიკის განვითარების გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. მე დაგისახელეთ ციფრი, მარტო „თიბისი ბანკის“ მონაცემებით სამმილიარდნახევარი გვაქვს ჩვენ ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში ქართულ კომპანიებში. ამას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაკეთა გუშინ მსგავსი განცხადება.

„მე ვერ გეტყვით, რატომ ვიღებთ ასეთ განცხადებას. მე ერთი რამ ვიცი, რომ საბანკო სისტემა არის სენსიტიური თემა. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს, საბანკო სისტემა არის ძალიან კონკურენტუნარიანი. წარმოდგენილი არის ოცზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკი. როგორც მოგახსენეთ, ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინეტიდან ჰყავს მოზიდული მაღალი კლასის ინვესტორები. თქვენ ეს სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ და მოგაწვდით უახლოეს მომავალში, თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი შემოგვაქვს ქვეყანაში ეკონომიკის დასაფინანსებლად. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ის ადგილები, სადაც ალტერნატიული დაფინანსებები შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი. საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ, მას ყველაფრის დაფინანსებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. მისივე შეფასებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების.

მისივე განცხადებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.