როდის შეიძლება ვალის გადახდაზე უარის თქმა და რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი სესხი „ხანდაზმულია“?

„ნუ დაიდებთ ვალს, თუ ნამდვილად არა ხართ დარწმუნებული, რომ გაისტუმრებთ“ - ეს მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, მაგრამ მის შესრულებას ყველა ვერ ახერხებს.

ადამიანები ვალს სიდუხჭირის, ავადმყოფობის და სხვა აუცილებელი მოთხოვნილებების გამო იღებენ, თუმცა არის ხალხი, რომელიც აღებულ თანხას ტოტალიზატორში, ან კაზინოში ხარჯავს. სწორედ ამიტომ, საქართველოში უამრავი ადამიანია, რომელიც კომერციული ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს წლობით ვერ ისტუმრებს, ზოგიერთ მათგანს ე.წ. ხანდაზმული სესხიც აქვს.

რა შემთხვევაში ჩაითვლება სესხი ხანდაზმულად და როგორ უნდა მოიქცეს მისი მფლობელი? - ამ პრობლემაზე ჩვენს მკითხველს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება:

ირაკლი უტიაშვილი: რა არის ხანდაზმული სესხი? - თუ მსესხებელმა ვალდებულების აღებიდან 3 წლის განმავლობაში თანხა ვერ გადაიხადა, ეს სესხი უკვე ხანდაზმულია, თუმცა ამ სამი წლის განმავლობაში ბანკმა სასამართლოს არ უნდა მიმართოს. ამ შემთხვევაში მსესხებელს შეუძლია ვალის გადახდაზე უარი თქვას, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და დავალიანების ხანდაზმულად აღიარება და სესხის ჩამოწერა მოითხოვოს. სასამართლო ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

-როგორც წესი, ამ სამი წლის განმავლობაში ბანკები ჩივიან, ან როგორ შეიძლება კომერციულ ორგანიზაციას მხედველობიდან გამორჩეს კლიენტი, რომელსაც მისი ვალი აქვს?

-ცხადია, ნებისმიერი ბანკი ცდილობს სარჩელი 3 წლის გასვლამდე შეიტანოს, მაგრამ მათ ძალიან დიდი კლიენტურა ჰყავთ და შეიძლება რომელიმე მსესხებელი მხედველობიდან გამორჩეთ. გარდა ამისა, სასამართლოში სარჩელის შეტანა გარკვეული თანხა ღირს და ბანკს არ უღირს მცირე სესხის გამო ხარჯი გასწიოს, შეიძლება ბანკმა, ან სხვა კომერციულმა დაწესებულებამ რომელიღაც სესხი უპერსპექტივოდ მიიჩნიოს... მოკლედ, სხვადასხვა მიზეზი არსებობს, რის გამოც ხანდაზმული სესხები ჩნდება. ასეთი რამ ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, თანაც, უფრო ხშირად, მცირე სესხებზე. თუ კლიენტს 10-11 ათასი ლარი და უფრო მეტი აქვს ნასესხები, ბანკი ამ გამონაკლისს არ დაუშვებს.

-ეს წესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და კერძო პირებზეც ვრცელდება?

-დიახ, კანონი კომერციული ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ერთნაირად ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს მაშინაც, თუ თანხა ფიზიკურ პირს აქვს გასესხებული, თუმცა ამ შემთხვევაში ხანდაზმული სესხის არსებობა იშვიათია, მოგეხსენებათ, კერძო პირისთვის უფრო იოლია მის მიერ გასესხებული თანხა გააკონტროლოს და უკან დაიბრუნოს.

-ბატონო ირაკლი, ხომ შეიძლება არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა ამ წესით ისარგებლოს - გადახდის ვადა გაწელოს და ვალი არ დააბრუნოს?

-ჯერ ერთი, ხანდაზმული სესხი იშვიათობას წარმოადგენს, ეს მსესხებელთა ძალიან მცირე ნაწილია. ამ წესის არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ბანკი დავალიანების მქონე კლიენტს არ უჩივლებს. როგორ შეიძლება ადამიანმა ვალი იმ იმედით აიღოს, რომ ის ხანდაზმულობის ვადას მიაღწევს და მერე აღარ გადაიხდის?

-კიდევ რას ურჩევდით ხანდაზმული სესხის მფლობელებს?

-სხვათა შორის, ასეთი კლიენტი ნებისმიერ ადვოკატს ჰყოლია, ვინც სამოქალაქო სამართლის სფეროში საქმიანობს. გამონაკლისი არც მე ვარ: რამდენიმე ფაქტის მოწმე ვარ, როცა რიგით მოქალაქეებს საქმე ისეთი სოლიდური ბანკებისთვის მოუგიათ, როგორიც „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“. ხანდაზმული სესხის მფლობელმა კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს: თუ კრედიტორმა თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა, შესაგებელი აუცილებლად უნდა შეიტანოთ, რადგან თუ შესაგებელს არ შეიტანთ და სასამართლოზე არ გამოცხადდებით, ის კომერციული ორგანიზაციის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

-როდესაც „ხანდაზმულ“ სესხებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი საინტერესო შეკითხვა ჩნდება: როგორ შეიძლება ასეთი სესხის „გაცოცხლება“?

-თუ მსესხებელი თანხას 3 წლის განმავლობაში არ იხდიდა, ამ ვადის გასვლის შემდეგ 2 ლარიც რომ შეიტანოს, სესხი მაშინვე „გაცოცხლდება“. სწორედ ამიტომ, ხანდაზმული სესხის მფლობელს კომერციული დაწესებულებიდან ურეკავენ და ახალ, ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ. ამ პირობებში მიზერული თანხის შეტანაც შედის, რადგან ასეთი სესხი ხანდაზმული აღარ იქნება.

-საინტერესოა, რა უფლებები აქვთ მემკვიდრეებს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში?

-თუ სესხი დაზღვეული იყო, მემკვიდრეებს შეუძლიათ უარი თქვან მის გადახდაზე, რადგან მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ხდება ვალდებული თანხა აანაზღაუროს, შესაბამისად, გარდაცვლილის მემკვიდრეები თავისუფალნი არიან ვალის გადახდისგან. სესხის გადახდის ვალდებულება სადაზღვევო კომპანიას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს - მაშინაც კი, თუ ეს სესხი ხანდაზმული არ არის.

-და ბოლოს, „შავი სიიდან“ თუ ამოიღებენ პიროვნებას, რომელსაც ბანკმა სესხი ჩამოაწერა?

-ეს თავად კომერციული ბანკის გადასაწყვეტია. სასამართლო ამას ვერც ერთ კომერციულ ორგანიზაციას ვერ დაავალებს, ამიტომ, ხშირად მსესხებელი „შავ სიაში“ მაინც რჩება. ამოიღოს თუ არა ყოფილი კლიენტი „შავი სიიდან“ - ეს იმ საფინანსო ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს, რომლის ვალიც მას ჰქონდა.

ხათუნა ჩიგოგიძე